ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020-ში 68 მლნ-ის ტენდერები მოიგეს – TI-ის კლევა

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” საბოლოო ანგარიშის მიხედვით, ქართული ოცნების შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2020 წელს დაახლოებით 68 მილიონი ლარის ღირებულებების ტენდერები მოიგეს და იმავე პერიოდში 1.6 მილიონი ლარი გაიღეს ქართული ოცნების სასარგებლოდ.

“ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია შპს გ & კ ტექნოლოგი, რომელმაც წლის განმავლობაში 17.2 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, მისმა მფლობელმა რომან აბრამიშვილმა კი თებერვალში ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შესწირა. საინტერესოა, რომ აბრამიშვილმა შემოწირულება მას შემდეგ გაიღო, რაც მისმა კომპანიამ მოკლე პერიოდში ზედიზედ რამდენიმე მსხვილი ტენდერი მოიგო. მოგებული ტენდერებისა და განხორციელებული შემოწირულებების თარიღები ერთმანეთთან, ასევე, საკმაოდ ახლოს იყო შპს ცეკურის, შპს გრავიტას და შპს ჯი-თი ჯგუფის შემთხვევებში. კიდევ ერთი მსხვილი სახელმწიფო კონტრაქტორია შპს ლ.და.კ, რომელმაც 2020 წელს 17.3 მლნ ლარის ტენდერები მოიგო, ხოლო მისმა მფლობელებმა მმართველი პარტიის ყულაბაში 22 000 ლარი შეიტანეს. ასევე, ყურადღებას იქცევს შპს არსაკიძე-2000, კომპანია, რომელმაც 2020 წელს 2.2 მლნ ლარის სახელმწიფო ტენდერები მოიგო. ამ კომპანიის მფლობელები ამავე დროს დაკავშირებული არიან შპს ლილო-მოლთან  მსხვილ ბიზნეს ჯგუფთან, რომლის პარტნიორები წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პოლიტიკური შემომწირველები”. ვკითხულობთ ანგარიშში.

ორგანიზაციის ცნობით, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის შემომწირველებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომელიც თითქმის ყოველ არჩევნებზე ქართულ ოცნებას დიდი თანხებით აფინანსებს. სამმა ასეთმა ჯგუფმა 2020 წელსაც გააგრძელა მსხვილი შემოწირულებების გაღება. კერძოდ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა პირებმა ქართულ ოცნებას მთლიანობაში 544,300 ლარი შესწირეს.  შპს ლილო-მოლთან დაკავშირებულმა პირებმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჯამში 595,000 ლარი გაიღეს, ხოლო შპს ბომბორა და ბავშვებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულმა პირებმა კი იგივე პარტიას 255,000 ლარი შესწირეს.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის ცალკე კვლევის საგანი გახდა პარტიების მაჟორიტარი კანდიდატების შემოწირულებები. მართველი პარტიის ქართული ოცნების მიერ წარდგენილმა მაჟორიტარობის 30 კანდიდატიდან შვიდმა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 2020 წლის 1 იანვრიდან 17 ნოემბრამდე პარტიას 1 035 000 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულობების 5% იყო. მაჟორიტარობის შვიდივე კანდიდატი მსხვილი ბიზნესმენია და სხვადასხვა ფორმით მთლიანობაში 127 კომპანიასთან არის დაკავშირებული. ეს მაჟორიტარები არიან: ზაალ დუგლაძე, ანტონ ობოლაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, დავით სონღულაშვილი და ვასილ ჩიგოგიძე. იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი მაჟორიტარი კანდიდატის ბიზნესპარტნიორები ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ოდენობის თანხას სწირავდნენ პარტიას”,– წერია TI–ს ანგარიშში.