ოცნების შემწირველთა კომპანიამ 72 სახელმწიფო ტენდერში 100 მილიონი მიიღო

“ფლანგვის დეტექტორის“ ინფორმაციით ქვეყანაში მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის პარალელურად, შპს გზა ძვირადღირებულ ტენდერებში იმარჯვებს.

მხოლოდ 2020 წლის ელექტრონული ტენდერებით კომპანიამ 35 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

მოგებული 100 მილიონი ლარიდან თითქმის ნახევარი კომპანიამ უკონკურენტო გარემოში ჩატარებული ტენდერებით მიიღო.

შპს “გზის” დირექტორსა და მის პარტნიორს ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილისთვის ჯამში 240,000 ლარი აქვთ შეწირული.

შპს გზა 2011 წლიდან აქტიურად იღებს მონაწილებას ელექტრონულ ტენდერებში, 2011-2020 წლებში კომპანიამ 167 ტენდერში მიიღო მონაწილეობა. 167-დან კომპანიამ 72 ტენდერში გაიმარჯვა და მასთან გაფორმებული ხელშეკრულებების ღირებულებამ 100 მლნ ლარს გადააჭარბა (100,598,963). ასევე მნიშვნელოვანია, რომ 72-დან 28 შემთხვევაში კომპანიას კონკურენტი საერთოდ არ ჰყოლია და ამ გზით გაფორმებული ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 46,170,716 ლარს შეადგენს.
რაც შეეხება გამარტივებულ შესყიდვებს, 2012-2019 წლებში ასეთი სულ 28 შემთხვევა ფიქსირდება. ამ გზით დადებული ხელშეკრულებების ღირებულება თითქმის 10 მლნ ლარია (9,588,747).
2020 წელს შპს გზამ 22 ელ. ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 6 შემთხვევაში გამარჯვებული თვითონ გახდა, 3 ელექტრონულ ტენდერში ჯერ გამარჯვებული არ გამოვლენილა და ახლა შერჩევა/შეფასების ეტაპზეა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ძვირადღირებული ხელშეკრულება კომპანიასთან მაშინ გაფორმდა, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
მაგალითად, 2020 წლის მარტში, როდესაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, შპს გზასა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს შორის 2,466,323 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. კომპანიას უნდა უზრუნველეყო სოფელ ჯორჯიაშვილისა და ბოგვის წყალმომარაგების სამუშოების შესრულება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 63% ანუ 1,564,989 ლარი კომპანიამ უკვე მიიღო, აქედან თითქმის 1 მლნ ლარი (986,528 ლარი) კომპანიამ ავანსის სახით აიღო.
2020 წელს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ყველაზე ძვირადღირებული შპს გზასა და შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებაა. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, შპს გზამ უნდა უზრუნველყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება. შპს გზა ამ სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ 27,000,000 ლარს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. გარდა ამისა, დღევანდელი მონაცემების თანახმად, მას ხელშეკრულების თანხის 10%-2,580,000 ლარი უკვე აღებული აქვს ავანსის სახით.
შპს გზა 2005 წელს დაარსებული კომპანიაა. 2010 წელს კომპანიაში რეორგანიზაცია განხორციელდა, კერძოდ, 2010 წელს რეორგანიზაციამდე არსებული ორი სუბიეტქი- შპს ავტომობილისტი 97 და შპს სტარი შეერწყა, შეუერთდა შპს გზას, ამის შემდეგ ორივე კომპანიამ შეწყვიტდა დამოუკიდებლად არსებობა და მათი უფლებამონაცვლე გახდა შპს გზა, ორივე მათგანი შპს გზის შვილობილი კომპანია გახდა. როგორც წესდებაში შესული ცვლილებების დოკუმენტაციიდან ვიგებთ, აღნიშნული რეორგანიზაცია დაკავშირებული იყო ეფექტურ სამეწარმეო საქმიანობასთან.