ოჯახი დავით კოდუას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს

ბიზნესმენ დავით კოდუას ოჯახი ითხოვს, სასამართლომ დავით კოდუა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს და შემაკავებელი ორდერი გამოუწეროს.

კოდუას ოჯახის წევრებმა – მეუღლემ, ნათია გედევანიშვილმა და შვილმა, კატო კოდუმ დღეს, ჟურნალისტებთან ისაუბრეს და განაცხადეს, მათ ოჯახში მომხდარი კონფლიქტის შესახებ ისაუბრეს.

„ეს იყო სიტყვიერი შელაპარაკება, არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. პოლიციაში ჩვენების მიცემის მერე, ამობეჭდილზე ხელი მოგვაწერინეს და იქ, რაც წერია წაკითხული არ გვაქვს. საერთოდ აზრზე არ ვართ, წარმოდგენა არ გვაქვს, რა წერია შიგნით ანუ, პოლიციაში თვითონ ბეჭდავდნენ და ჩვენ რომ ხელი მოვაწერეთ, არ წაგვიკითხავს, იმიტომ, რომ ბევრი მედიკამენტი მაქვს მიღებული, ღამის საათები იყო, პროცესი დილამდე გაიწელა და ისე მოვაწერეთ ხელი, უკვე გვაჩქარებდნენ. გვითხრეს, ცოდოები ხართო. წაკითხვა რომ მოვინდომე, არ არის საჭიროო. ჩვენ ვითხოვდით შემაკავებელ ორდერს. მე და კატო ვსაუბრობდით იმაზე, რომ ადგილი ჰქონდა ჯიკაობას. დათოს წასვლა უნდოდა. სიტყვიერი კონფლიქტი იყო“, – აცხადებს ნათია გედევანიშვილი.

კითხვაზე, ფიზიკურად შეეხო, თუ არა მეუღლე, გედევანიშვილი ასე პასუხობს: „არა, უბრალოდ ხელი მკრა და დავვარდი, თვალი დავარტყი სავარძელს“

„არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ იყო სიტყვიერი შეკამათება. დავითს წასვლა უნდოდა სიტყვიერი დაპირისპირების გამო. რადგანაც „კომენდანტის საათი“ იყო, მოვუწოდეთ, რომ არ წასულიყო, ვინაიდან დაჯარიმდებოდა. ამის შემდეგ გამოვიძახეთ პოლიცია, რათა პრობლემა აგვეცილებინა თავიდან. როცა პოლიცია მოვიდა, დათო ამ დროს სახლიდან წასული იყო. სასწრაფოც მოვიდა, დამამშვიდებლები მოგვცეს და წაგვიყვანეს პილიციაში. იქ პროცესი ძალიან გაიწელა, რაღაცებს გვეკითხებოდნენ. ჩვენ მხოლოდ ორდერს ვითხოვდით, რათა სახლში კონფლიქტი არ ყოფილიყო. რაც პოლიციამ (ჩვენებაში) დაწერა, არც წაგვიკითხავს, დილა იყო, გვაჩქარებდნენ. გვითხრეს ხელი მოაწერეთო და მოვაწერეთ… დათოს წასვლა უნდოდა, როდესაც ლიფტი გაიღო, ვაკავებდით, ვთხოვდით, არ წასულიყო. გვითხრა, გამიშვითო და ნათია დაეცა, მე ეს დავინახე. სავარძელი ლიფტთან არის. სახლში მხოლოდ სიტყვიერი შელაპარაკება იყო“, – აცხადებს შვილი, კატო კოდუა.