პანდემიაზე დამანგრეველი ის ეკონომიკური ზომებია, რომელიც მივიღეთ – ნილ ფერგიუსონი

როგორ შეცვლის სამყაროს ახალი კორონავირუსი, რას ნიშნავს ის საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკისთვის და უნდა ველოდოთ თუ არა რადიკალურ ცვლილებებს ჩვენს ცხოვრებაში – ამ თემებზე “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე ცნობილ ისტორიკოსს, ჰუვერის ინსტიტუტის უფროს მკვლევარს და ასევე ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ ნილ ფერგიუსონს ესაუბრა.

როგორც ისტორიკოსი, თქვენ სწავლობთ, თუ როგორ შეცვალა წინა პანდემიებმა საზოგადოება. რას უნდა ველოდოთ ახალი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ?

გააჩნია, თუ რამხელა გავლენა ექნება ახალი კორონავირუსის პანდემიას, რადგან პანდემიების მასშტაბები განსხვავდება. იყო პანდემიები, მაგალითად, შავი ჭირი, მე-14 საუკუნეში, ასევე რომის იმპერიაში, რომელმაც მსოფლიო მოსახლეობის მესამედი შეიწირა. დღეს, ეს არ გვემუქრება. მე არ ვფიქრობ, რომ ეს პანდემია ისევე ცუდია როგორც 1918 წლის ესპანური გრიპი იყო, რომელმაც მსოფლიო მოსახლეობის ორი ან სამი პროცენტი შეიწირა.

კოვიდ-19 მასშტაბურია, თუმცა არც ისე დამანგრეველი, როგორიც 1957 წლის პანდემია, რომელიც ჩვენ არა, თუმცა ჩვენს ბებია-ბაბუებს ახსოვთ. ეს ნამდვილი გლობალური კრიზისი, გრიპის ახალმა ტალღამ გამოიწვია, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევის უნარი არავის ქონდა. მაშინ სრულიად განსხვავებული მიდგომა ავირჩიეთ ვიდრე ახლა. კარანტინი არ შემოუღიათ, სკოლები არ დაუკეტავთ. ცხოვრება გრძელდებოდა. პანდემიის რამდენიმე ტალღას, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვნებელი სდევდა თან. თუმცა არავის ახსოვს 1957-58 წლების პანდემია, მიუხედავად იმისა, რომ მან მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ვფიქრობ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ მიუდგები პათოგენს. ჩვენ საშინელი შეცდომა დავუშვით. ორმაგად საშინელი, რადგან ჯერ არაფერი გავაკეთეთ და შემდეგ პანიკა დავიწყეთ. 1957 წელს, როგორც კი ამერიკელმა მეცნიერებმა გაიგეს, რომ ჰონგ-კონგში ახალი ვირუსი დაფიქსირდა, მაშინვე დაიწყეს ვაქცინაზე მუშაობა და ის გასაოცრად მალე შექმნეს. მათ ხალხის ვაქცინაცია იმავე წელს დაიწყეს.

პანდემია არაა უპრეცედენტო, ამ დრომდე მსოფლიოს, ალბათ, 60 პანდემია აქვს გადატანილი. კოვიდ-19, მასშტაბებით სადღაც შუაშია. თავად პანდემია იმდენად დამანგრეველი არ არის, რამდენადაც მიღებული ზომები, რომლებმაც ეს უდიდესი ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია.

კარანტინის პერიოდში, ბევრის მსგავსად, მეც დავიწყე ჯოვანი ბოკაჩიოს დეკამერონის კითხვა. წიგნის დასაწყისში ავტორი მე-14 საუკუნეში შავი ჭირის ეპიდემიით გამოწვეულ ვითარებას აღწერს, რომელიც დღევანდელ სიტუაციას ძალზედ გავს. მაშინაც, როგორც ახლა, თავის დაცვის ერთადერთი საშუალება სოციალური დისტანცირება იყო… საუკუნეების შემდეგ, ვერ განვვითარდით იმდენად, რომ მსგავს პანდემიებთან ბრძოლის უკეთესი გზა გვეპოვნა?

უნდა განვვითარებულიყავით. ზოგი ქვეყანა წინ წავიდა. მაგალითია ტაივანის პასუხი პანდემიის დასაწყისიდან იქამდე, სანამ ჩინეთი პრობლემის მასშტაბებს აღიარებდა. ტაივანელებმა ორი რამ გააკეთეს: მათ ფართო ტესტირება დაიწყეს და კონტაქტების მოძიების ტექნოლოგიით, ინფიცირებულთა კონტაქტებს ადგენდნენ. ამის გაკეთება ადრე არ შეგვეძლო. ტექნოლოგია ბევრ რამეს აადვილებს, განსაკუთრებით ახლა, როცა ჩვენ ყველანი სმარტფონებს ვატარებთ. რამდენიმე აზიურმა ქვეყანამ წარმატებით გამოიყენა აპლიკაციები კონტაქტების დასადგენად. შეერთებულ შტატებში ამას არ ვაკეთებთ, ევროპაშიც მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა იქცევა ასე. ამიტომ, დავუბრუნდით ძველი ყაიდის მიდგომებს, რომლებიც ყველაზე ადვილი გზაა: ხალხს უბრალოდ სახლებში ვკეტავთ, დაინფიცირებულნი არიან ისინი თუ არა.

კარანტინი, რომელსაც ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ და ამერიკის შეერთებულმა შტატმა მიმართა, ძალიან ძველი მეთოდია. ასე იქცეოდნენ შავი ჭირის დროსაც. თუმცა, ეს ძალზედ არაეფექტურია, რადგან გულისხმობს, რომ ნაკლები რისკის ქვეშ მყოფი ჯანმრთელი ადამიანები, მუშაობას ვერ აგრძელებენ. ამ მიდგომით ჩვენ შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყენებში უდიდესი ეკონომიკური ზარალი გამოვიწვიეთ. ტაივანელებივით რომ გვეფიქრა, ცოტა მაინც, არ დაგვჭირდებოდა კარანტინი. თუმცა სოციალური დისტანცირება მაინც საჭრო იქნებოდა. ტაივანში ეს ასე გააკეთეს. მათი ეკონომიკა ისე არ ჩავარდნილა, როგორც ამერიკის და ბევრი ევროპული ქვეყნის შემთხვევაში. სოციალური დისტანცირების ფრთხილი რეჟიმი საკმარისი იქნებოდა და ეკონომიკის შეჩერება არ დაგვჭირდებოდა.

ხშირად ამ ეკონომიკურ კრიზისს “დიდ დეპრესიას” ადარებენ. რამდენად სწორი შედარებაა ეს?

ნათელია, რომ მსგავსი მაღალი უმუშევრობის დონე შერთებულ შტატებში 1930-იანი წლების შემდეგ არ გვინახავს. არ გამიკვირდება, რომ უმუშევრობა იმაზე მაღალი იყოს, ვიდრე დიდი დეპრესიის პიკისას 1932 წელს. უახლოეს მომავალში შეიძლება უმუშევრობა 26 პროცენტს გაუტოლდეს. ამიტომ შედარება სამართლიანია.

“დიდი დეპრესიის” შემდეგ, ეს წარმოების ყველაზე დიდი შეკვეცაა და უფრო მეტად სერიოზულია, ვიდრე 2008-2009 წლის კრიზისი იყო. თუმცა, განსხვავება ისაა, რომ კრიზისი ბევრად უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე “დიდი დეპრესიის” დროს. 1929 წლის ფინანსური კრიზისის დადგომას რამდენიმე წელი დაჭირდა, რის შედეგადაც 1932 წელს უმუშევრობამ ყველაზე დიდ ნიშნულს მიაღწია. ჩვენ ამ დონეზე რამდენიმე თვეში დავედით. ამიტომ ჩვენ რეალურად დიდ დეპრესიას გავდივართ, მაგრამ 12-ჯერ უფრო სწრაფად. ეს დაჩქარებული დიდი დეპრესიაა.

ზოგი თვლის, რომ კრიზისიდანაც მალე გამოვალთ. თუმცა, რთულია სერიოზულად აღიქვა იდეა, რომ მალევე დავუბრუნდებით საწყისს ეკონომიკურ ნიშნულს. ყველაფერი საწინააღმდეგოს აჩვენებს. მომხმარებელი პანდემიამ შეაშინა და დანაზოგების რაოდენობა ძალზედ მაღალზეა, არამარტო იმიტომ, რომ ხალხს არ შეუძლია გარეთ გავიდეს და ფული დახარჯოს, არამედ იმიტომ, რომ არ უნდათ გარეთ გასვლა და ხარჯვა. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეკონომიკური გაუმჯობესება იქნება ნელი.

ბევრი საუბრობს იმაზე, თუ როგორი იქნება მსოფლიო პანდემიის შემდეგ, მას 11 სექტემბერს ადარებენ, იზიარებთ ამ მოსაზრებას?

ვფიქრობ ეს გადაჭარბებაა. უფრო სწორი „შიდსის“ შედეგებზე ფიქრია. იმ დროიდან, რაც დავადგინეთ, რომ ის სექსუალურად გადამდები დაავადებაა, წლების მანილზე არც მკურნალობის საშუალება იყო და ვაქცინაც ჯერ ისევ არ არსებობს. სოციალური ცხოვრების ისეთივე ცვლილებას ვიხილავთ, როგორიც სექსუალურ ცხოვრებაში მოხდა, მას შემდეგ, რაც შიდსი გაჩნდა. ადამიანებმა შედარებით ფრთხილად დაიწყეს მოქცევა თუმცა, არცთუ იმდენად განსხვავებულად, როგორც საჭირო იყო. ადამიანებს კვლავ აქვთ დაუცველი სექსი და დაუცველი სოციალური ქცევაც იარსებებს. ადამიანებს ადაპტაციისთვის დრო სჭირდებათ.

წარსულში შეერთებულ შტატებს სხვადასხვა კრიზისების დროს ლიდერის პოზიცია ეკავა. კრიზისი შესაძლებლობაცაა, რომ მეტი გააკეთო იქნება ეს ევროპაში თუ სხვაგან. თუმცა ამ დრომდე ვაშინგტონის მხრიდან ეს არ ჩანს. როგორ ფიქრობთ, თქვენი სიტყვებით რომ ვთქვა, გამოიწვევს ეს „ამერიკის იმპერიის“ დაღმასვლას?

შეერთებული შტატები ცივი ომის და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნათლად დომინანტური ზესახელმწიფოა. ვფიქრობ, კარგი კითხვაა დასუსტდა, თუ არა ამერიკის როლი. ზედაპირულად შეიძლება ეს ასე ჩანს. დანარჩენი მსოფლიო ნამდვილად არ უყურებს ენთუზიაზმით პრეზიდენტ ტრამპის ქმედებებს. ფართოდ გავრცელებული წარმოდგენაა, რომ შეერთებული შტატები ამ კრიზისს კარგად ვერ გაუმკლავდა. ამავდროულად, ჩინეთი ყველაფერს აკეთებს ყურადღების გადასატანად იმ ფაქტიდან, რომ ეს დიდწილად მათი ბრალია. ამისთვის ქვეყნებს დახმარებას უგზავნიან, იქნება ეს იაფი პირბადეები თუ გაუმართავი ვენტილატორები.

ჩინეთი ცდილობს პროპაგანდით ამერიკა დაჩრდილოს. მაგრამ რეალურად, თუ შევხედავთ ვნახავთ, რომ შეერთებული შტატები კვლავ დომინანტია.

მოდით რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. პირველი ისაა, რომ ყველაზე მეტი კვლევა ვაქცინაზე და თერაპიებზე ჩრდილოეთ ამერიკაში მიმდინარეობს. და თუ გამარჯვებული გვეყოლება ვაქცინისკენ რბოლაში, დიდი ალბათობით, ეს ამერიკული კომპანია ან ინსტიტუტი იქნება. ჩინეთშიც არიან ამ მიმართულებით მოთამაშეები, თუმცა ჩინეთის წარსული გამოცდილება ვაქცინაციებთან დაკავშირებით, პირდაპირ რომ ვთქვათ, კატასტროფულია. მეორე, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის კუთხით, აშშ-ის ფედერალური რეზერვი, მთავარი მოთამაშეა. არავის მიუმართავს ჩინეთის სახალხო ბანკისთვის დახმარების თხოვნით. ისინი ფედერალურ რეზერვს და ამერიკაში დაფუძნებულ ინსტიტუტებს, მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს მიმართავენ. ამიტომ, როცა პროპაგანდას, კვამლის და სარკეების მიღმა შეხედავ შეერთებული შტატები კვლავ მთავარი მოთამაშეა, ჩინეთი კი უკანა პლანზეა.

წყარო: ამერიკის ხმა