პანდემიის დროს ევროპელების დანაზოგები უპრეცედენტოდ გაიზარდა. ისინი ფულს “შავი დღისთვის“ ინახავენ

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ევროპაში ოჯახების დანაზოგი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ევროპის ცენტრობანკში აცხადებენ, რომ ამას ორი მიზეზი აქვს: კარანტინის დროს ევროპელები ფულს არ ხარჯავდნენ, გარდა ამისა, ბევრმა მათგანმა მიიღო გადაწყვეტილება ფული “შავი დღისთვის“ დააგროვოს.

თებერვლიდან მაისის ჩათვლით პერიოდში მთლიანობაში საბანკო დეპოზიტებზე ევროპელებმა 214 მილიარდი ევრო გადაინახეს, ამგვარად ევროპელთა დეპოზიტებზე უკვე 7.3 ტრილიონი ევრო დაგროვდა, რაც ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მარტსა და აპრილში, როცა მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა, ევროზონის ქვეყნებში დანაზოგების ზრდამ 136 % შეადგინა.

ექსპერტები შიშობენ, რომ ანგარიშებზე დაგროვილი თანხები ეკონომიკის აღდგენაში არ წავა. ევროპის ცენტრობანკის ხელმძღვანელი, კრისტინ ლაგარდი ამბობს, რომ ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლა გართულდება, რადგან ვაჭრობა და წარმოება კრიზისამდელ ნიშნულს ძნელად დაუბრუნდება და დიდი დრო იქნება საჭირო, სანამ ევროპელების “ფენომენალური დანაზოგი“ კვლავ გამოჩნდება მომხმარების და ინვესტიციების სფეროში. ლაგარდი ასევე აღნიშნავს, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტების და კომპანიების დავალიანების დონე.