პანკისში შორტებით სიარულის გამო მამა-შვილის ცემისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პანკისის ხეობაში 8 აგვისტოს მომხდარ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი – 2002 წელს დაბადებული ა.ბ. დააკავეს.

შორტებით სიარულის გამო მამა-შვილის ცემისთვის 20 აგვისტოსაც დააკავეს ერთი კაცი – 1998 წელს დაბადებული ი.ფ.

გელა წელაურსა და მის არასრულწლოვან შვილს სამი ახალგაზრდა თავს 8 აგვისტოს, სოფელ ყვარელწყლის გადასახვევთან დაესხა და სცემა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, სოფელ ყვარელწყალში, 1971 წელს დაბადებულ პირს და მის არასრულწლოვან შვილს ბრალდებულებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაპირისპირების მიზეზი ჩაცმულობის გამო დაწყებული ურთიერთშელაპარაკება გახდა. მომხდარ ფაქტზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები. გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები ინციდენტში მონაწილე სხვა პირთა პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით” – აცხადებს შსს.

ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.