პარიზი “წითელ ზონაში“ –ინფიცირებულთა რაოდენობამ საფრანგეთში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია

საფრანგეთის დედაქალაქში და მის სამ გარეუბანში დღეიდან ორი კვირით სრულად დაიხურება ბარები. მანამდე ხელისუფლებამ მათი მუშაობის საათები საღამოს 10 საათამდე შეზღუდა.

კაფეებს და რესტორნებს ჯერჯერობით  22 საათამდე კლიენტების მომსახურების უფლება აქვთ. თუმცა ყველა კლიენტი ვალდებულია ადმინისტრაციას მისი საკონტაქტო მონაცემები დაუტოვოს.

საფრანგეთის სიდიდით მეორე ქალაქ მარსელში 26 სექტემბრიდან დახურულია  საზკვების ყველა ობიექტი და სპორტკლუბი.

სხვა ზომებს შორის, რომელთა შესახებ ორშაბათს პრემიერ მინისტრმა გამოაცხადა, არის მოთხოვნა სასწავლო დაწესებულებების მიმართ, არ დაუშვან აუდიტორიების სტუდენტებით გადავსება, კომპანიებს კი მოუწოდებენ რაც შეიძლება მეტი თანამშრომელი გადაიყვანონ დისტანციურ სამუშაოზე.

კვირას საფრანგეთში 12500 ახალი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა. შაბათს კი პანდემიის დაწყებიდან რეკორდი დამყარდა – ახალ დაინფიცირებულთა რიცხვმა 17000–ს მიაღწია. ივნისში ეს მაჩვენებელი დღეღამეში 1000 ახალ ინფიცირებულამდე შემცირდა, თუმცა ბოლო კვირებში სტაბილურად იზრდება.

საფრანგეთის მსხვილ ქალაქებში ეპიდემიოლოგიური საფრთხის უმაღლესი – “წითელი დონე“ გამოცხადდა. ეს იმას ნიშნავს, რომ კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 100 000 მოქალაქეზე 250–ს აჭარბებს, რეანიმაციებში კი უკვე დაკავებულია საწოლების მინიმუმ 30%.