პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ორი აქტივისტი დააკავეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ორი აქტივისტი დააკავეს. როგორც  „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, აქციის მონაწილეები პოლიციამ საბჭოთა სიმბოლიკის დახატვის გამო დააკავა.

„ეს იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური პროტესტი „ქართული ოცნების“ მხრიდან ფაქტობრივად, გავრილოვის კიდევ ერთხელ ჩამოყვანის წინააღმდეგ, როდესაც გუშინ რუსებთან ერთად აბაშიძემ დაგმო გავრილოვის ჩამოსვლასთან დაკავშირებული პროტესტი. აქ დროებით კედელზე ვაწერთ „20%“ და საბჭოთა სიმბოლიკას და ამის გამო აკავებენ აქტივისტებს. ამაში ახალი არაფერი არ არის, პროტესტს ვერ გააჩერებენ და საბოლოოდ მაინც მიიღებენ იმას, რაც ეკუთვნის მოღალატეობრივ ხელისუფლებას“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტის შენობასთან საბჭოთა კავშირის სიმბოლო, ნამგალი და ურო დახატეს. ამ ფორმით ევროპული საქართველოსა და ენმ-ს ლიდერებმა, ელენე ხოშტარიამ და ხატია დეკანოიძემ, აქტივისტებთან ერთად გააპროტესტეს აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2020 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენები ქართული ნაციონალისტური ჯგუფების ანტირუსული პროვოკაცია იყო.