პარლამენტის აპარატი განმარტავს, რატომ ჩაერიცხათ ოპოზიციონერ დეპუტატებს ხელფასი

პარლამენტის აპარატი განმარტავს, რატომ ჩაერიცხათ ხელფასი ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც მანდატზე უარს ამბობენ მანდატებზე.

მათი განმარტებით, დეპუტატები ხელფასს იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუ ისინი პარლამენტს საბანკო რეკვიზიტებს მიაწვდნენ. ხოლო დეპუტატებს, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტშიც იყვნენ, მათი რეკვიზიტები უკვე დაფიქსირებული იყო.

“მას შემდეგ, რაც მეათე მოწვევის პარლამენტმა წევრთა უფლებამოსილება სცნო, პარლამენტის აპარატმა დეპუტატებს ოფიციალური შეტყობინება გაუგზავნა. შეტყობინების თანახმად, პარლამენტის აპარატი, მათი კუთვნილი ხელფასის ჩარიცხვის განხორციელების მიზნით, ითხოვდა დეპუტატების საბანკო რეკვიზიტებს. ამას გარდა, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, წერილში მითითებული იყო შესაბამისი საკონტაქტო პირიც. პარლამენტის წევრების მიერ საბანკო რეკვიზიტების არ წარმოდგენის შემთხვევაში, პარლამენტის აპარატი მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას, განახორციელოს ხელფასის ჩარიცხვის ტრანზაქცია.

რაც შეეხება იმ პარლამენტის წევრებს, რომელთაც ჩაერიცხათ ხელფასი, გაცნობებთ, რომ რადგან ისინი ფლობდნენ დეპუტატის მანდატს მეცხრე მოწვევის პარლამენტშიც, მათი რეკვიზიტები უკვე დაფიქსირებული იყო შესაბამის სისტემაში და ხელფასის ჩარიცხვა მასზე დაყრდნობით, კანონის სრული დაცვით მოხდა. ინფორმაციისთვის, ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, არსებობს დეპუტატთა კუთვნილი ხელფასის უკან დაბრუნების მექანიზმი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის წევრებს საერთოდ არ სურთ შრომის ანაზღაურების მიღება, მაშინ მათ წერილით უნდა მიმართონ პარლამენტის აპარატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს,“-აცხადებს პარლამენტის აპარატი.

ცნობისთვის, დღეს ოპიზიციონერმა დეპუტატებმა, რომლებიც პარლამენტში არ შედიან, განაცხადეს, რომ ხელფასი ჩაერიცხათ. ელენე ხოშტარიამ ის ხაზინაში უკან გადარიცხა, ხოლო ნატო ჩხეიძემ ჯერ ვერ გადაწყვიტა, სად გადარიცხოს ხელფასი.