პარლამენტის თავმჯდომარე დაგვიკავშირდა და შემოგვთავაზა შეხვედრა – გოლეთიანი

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტის, ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, მათ პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა დაუკავშირდა და შეხვედრა შესთავაზა.

“ჩვენ დაგვიკავშირდა პარლამენტის თავმჯდომარე და შემოგვთავაზა შეხვედრა. არ ვიცით, გამოსვლების შემდეგ მას რა აქვს სათქმელი ჩვენთვის, მაგრამ უბრალოდ გვინდა, ეს საკითხები ერთად გავიაროთ, ვინც აქ ვართ, და ერთად გადავწყვიტოთ. ჩვენ ვუთხარით ასეთი რამ, ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი უნდა შეთანხმებულიყო ერთობით. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არანაირ პასუხისმგებლობას ჩვენს თავზე არ ვიღებთ, ეს არის კრებითი გადაწყვეტილება”,– განაცხადა გოლეთიანმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან აქციის მონაწილეებს ჰკითხა, წასულიყვნენ თუ არა პარლამენტთან მსვლელობით, რაზეც თანხმობა მიიღო. გოლეთიანმა აღნიშნა, რომ თუ კუჭავას მათთან შეხვედრა უნდა, პარლამენტიდან უნდა გამოვიდეს.