პარლამენტი მისი წევრის იმუნიტეტს დაიცავს – მაჭარაშვილი იაგო ხვიჩიაზე

ქართული ოცნების დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი იაგო ხვიჩიას მიერ იარაღის ტარების უფლების მოთხოვნას ეხმიანება. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებში ვერ ჩაერევიან, თუმცა პარლამენტი მისი წევრის იმუნიტეტს დაიცავს.

„ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებში ვერ ჩავერევით. რაც შეეხება იარაღის ტარებას, პარლამენტის წევრი დაცულია იმუნიტეტით, თუმცა პარლამენტის წევრი საჯარო პირია და თავისი ავტორიტეტითა და საქმიანობით იმას უნდა იმსახურებდეს, რომ თავად შეძლოს საზოგადოებაში ავტორიტეტის აწევა. ბუნებრივია, პარლამენტი მისი წევრის იმუნიტეტს დაიცავს, მაგრამ მათ შორის მოლაპარაკებები მათი საქმეა.

სახარბიელო არ არის, რომ ძლიერი საპარლამენტო ოპოზიცია არ გვყავს. ეს კარგი იქნებოდა ქვეყნისთვის და ჩვენთვისაც. ერთი ჩამოყალიბებული აზრი არ აქვთ, ამას საზოგადოება ხედავს, ამიტომაც მათი რეიტინგი ძალიან დაბალია და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ პარლამენტიდან საპარლამენტო ოპოზიციას ხელი შევუწყოთ, რომ თავისი ფუნქცია შეასრულონ ისე, როგორც ეს საქართველოს მოსახლეობის დაკვეთაა“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მისივე განცხადებით, ენმ თავის სიმბოლოდ ნაგვის ურნებს აქცევს.

“სამწუხაროდ, მუქარა და დამუნათება „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთგვარ სიმბოლოდ ცოცხი აქციეს და ახლა ნაგვის ურნებს აქცევენ”,– აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ გირჩის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ენმ–ს თავმჯდომარე, ნიკა მელია დაემუქრა, ამიტომ როგორც პარლამენტარი, თავის დასაცავად იარაღის ტარების უფლებას ითხოვს.