პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ” კანონი დაამტკიცა

პარლამენტმა “ამნისტიის შესახებ“ კანონის პროექტი დაამტკიცა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის ავტორობითა და ინიციატივით მომზადებული პროექტი 83 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს.

კანონის პროექტით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ”სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული ზოგიერთი დანაშაულისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები, რომლებმაც დანაშაული 2020 წლის 11 დეკემბრამდე ჩაიდინეს. ამასთან, ”სისხლის სამართლის კოდექსის” 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის სახე გარდაექმნებათ ვადიან თავისუფლების აღკვეთად (20 წლით). სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე. ნარკოტიკული დანაშაულის ჩამდენ პირს, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად ასევე აღუდგება ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

სარჯველაძის ინფორმაციით, ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს შეეხება, ხოლო 10 ათასზე ავა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებს. რაც შეეხება 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე დაკისრებულ სისხლის სამართლის ჯარიმებს, სარჯველაძის თქმით, დაახლოებით 4000-სს გადააჭარბებს რიცხვი ადამიანებისა, ვისაც ეს ამნისტია ასევე შეეხება.