პარლამენტში შესვლა ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას – უგულავა

“დღეს ამ გაყალბებულ პარლამენტში შესვლა ნიშნავს პირდაპირ „ქართულ ოცნებაში“ შესვლას” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ – ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება არის, სრული ბოიკოტი გამოუცხადოს ამ პარლამენტს. არც ერთი ჩვენგანი არ მიიღებს იმ გადმოგდებულ მანდატებს იმიტომ, რომ ეს პარლამენტი არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი არჩევანი – პირველი და მთავარი, რასაც ვითხოვთ, ეს არის პატიოსანი და თავისუფალი რიგგარეშე არჩევნები, სხვა შემთხვევაში, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტი დაემსგავსება პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის „ჯამახერიას“ და ის მაინც ძალიან მალე ჩამოიშლება თავისი არალეგიტიმურობის გამო, თავისი აბსურდულობის გამო. ამიტომ სჯობს, „ქართულმა ოცნებამ“ პირველი არჩევანი გააკეთოს. ქვეყანას სჭირდება რეალური ცვლილებები, ამ არჩევნებზე გამოჩნდა საზოგადოების გულისწადილი, რომ სჭირდება თავისუფალი არჩევნები, შესაბამისად, ან იქნება რიგგარეშე არჩევნები ან ეს „ჯამახერია“ მალე ჩამოიშლება. ერთხელ მაინც გამოიჩინოს „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფოებრივი აზროვნება და გამოიჩინოს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ პატივისცემა. მან უნდა გადადგას ეს ნაბიჯი, ამიტომ აქციები გაგრძელდება და კვირას 15:00 საათზე დიდ აქციაზე, მანიფესტაციაზე გიწვევთ ყველას, რომ დაანახოთ რეალურად ქართველი ხალხის ნება და არა ის იუმორინა, რომელიც მოაწყო ბიძინა ივანიშვილმა და რომელსაც დაარქვა თავისუფალი არჩევნები,“- განაცხადა უგულავამ.