“პარტია მსჯელობს” – შალვა ნათელაშვილი, შესაძლოა, პარლამენტში შევიდეს

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი არ გამორიცხავს, რომ პარლამენტის ბოიკოტი შეწყვიტოს და საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს. მისი თქმით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს და ასევე, ჩაატარებს გამოკითხვას Facebook-ზე.

ნათელაშვილის განცხადებით, პარლამენტში ლეიბორისტული პარტიიდან ერთი კაცის შესვლა შეურაცხმყოფელია, თუმცა პირად ემოციას “ხალხის ინტერესებზე” წინ არ დააყენებს.

“პარტიაში მიდის მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ და იქ კომფორტი დავურღვიოთ და ავაწიოკოთ. რა თქმა უნდა, ამის თანახმა არა ვარ. სიის ანულირება მოხდა, მაგრამ მე ხომ არ შემიწყვიტეს მანდატი. ხელფასს არ ვიღებ. […]

ეს ჩემი პირადი სურვილი არ არის, შეიძლება ჩემი ტრაგედიაც იყოს, რადგან 25 წელია ვიბრძვი, რომ უმრავლესობით მოვიდე და ხალხს რაღაცა გავუკეთო – ღარიბს შვება მივცე, უმუშევარს სამუშაო ვაშოვნინო, სწავლის მსურველს განათლების საშუალება მივცე, ავადმყოფს წამალი მივცე, ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინო.

ამას უნდოდა უმრავლესობით მოსვლა და არა ერთი დეპუტატის შეკინკილება იქ, ეს ჩემთვის არის სიკვდილი და შეურაცხყოფა, მაგრამ როცა ხალხის ინტერესებზეა საუბარი, პირადი ემოცია მეორეხარისხოვანია, ამიტომ მზად ვიქნები ეს ნაბიჯი გადავდგა, თუ პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაკეთებთ გამოკითხავს სოციალურ ქსელებში”,– თქვა ნათელაშვილმა TV პირველის ეთერში.

ცნობისთვის, ლეიბორისტულმა პარტიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 1 მანდატი მოიპოვა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს.