პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა – ვაშაძე

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე რუსთავი 2-თან საუბრისას განმარტავს, რამ გამოიწვია მის მიერ მოულოდნელი განცხადების გაკეთება. მისი თქმით, “ბოლო ჩახმახი” ის იყო, რომ სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ჩაიშალა.

ვაშაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს იმ საელჩოების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ, რომ დიალოგის შუამავლები ყოფილიყვნენ.

“ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგის პროცესი, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურების მიერ, ჩაიშალა. არ მაქვს ნებართვა ეს ადამიანები (საელჩოების წარმომადგენლები) დავასახელო. დამიჯერეთ, ამ ადამიანებს გული საქართველოზე ჩვენზე არანაკლებ შესტკივათ. რახან ჩაიშალა, უკაცრავად, ახლა აქ თითის გაშვერები არაფერს არ შველის. ყველა დამნაშავეა, აბსოლუტურად. როგორც დიპლომატიური პროცესი, ისე უნდა დაიწყოს (მოლაპარაკება მთავრობასთან).

არის ორი დაპირისპირებული მხარე, არის ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მოთხოვნა, არის შუამავლები, ფასილიტატორები. რახან ყველაფერი მომზადებული იყო და არ გამოვიდა, მინდა ყველას ვუთხრა და ჩემ თავსაც გავუმეორო, ეს ადამიანები ასე ვთქვათ, თეთრებად და შავებად დაყოფას არ დაიწყებენ. არ გამოგდით, თქვენს თავს დააბრალეთ იმიტომ, რომ აბსოლუტურად ყველა ხართ ერთნაირები”, – განაცხადა ვაშაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ქართველი პოლიტიკოსები აღარ უნდა მირბოდნენ დიპლომატებთან და თხოვნენ, რომ ” ერთმანეთთან დაგვალაპარაკეთ იმიტომ, რომ ველურები ვართ და ერთმანეთს ვერ ველაპარაკებით”.

ცნობისთვის, გუშინ გრიგოლ ვაშაძემ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდა, პროცესი ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ, რასაც მისივე თანაგუნდელების და სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკა მოჰყვა.

ამის შემდეგ მან განმარტება გაავრცელა და თქვა, რომ მოქალაქეებმა პროტესტი უნდა გააგრძელონ, ოპოზიცია კი, თუ ქართულ ოცნებასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, პარლამენტში არ უნდა შევიდეს.