პატრიარქი ლოცავს ბატონ ბიძინა კულუმბეგოვს – მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ეხმიანება ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებას, რომ მასზე ფსიქოლოგიური ტერორი ხორციელდება სასულიერო პირთა გარკვეული ჯგუფის მიერ.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საქართველოს პატრიარქი ლოცავს ბიძინა კულუმბეგოვს.

“ჩემთან იყო ჩამოსული ეპარქიაში, მოგვიყვა, აგვიხსნა ყველაფერი. პირადად ვიცნობ და ძალიან დიდ პატივს ვცემ. კერძო აზრი, რა თქმა უნდა, არსებობს მარტო საქართველოში და სასულიერო პირებს შორის კი არა, მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს რაღაცა გაურკვეველი ბრძოლა.

მე მინდა, ბატონ ბიძინას მოვუწოდო და ვუთხრა, რომ პატრიარქი ლოცავს ბატონ ბიძინას. მე ვფიქრობ, საბრძოლო, ვახტანგ გორგასლის ორდენი უნდა გადაეცეთ ამ ადამიანებს, ისეთი დონის გმირობას სჩადიან. ბატონი ბიძინას მოვალეობაა სწორედ ვაქცინაციისკენ მოწოდება”,– თქვა მან TV პირველთან საუბრისას.

ცნობისთვის, გუშინ ბიძინა კულუმბეგოვმა საქართველოს საპატრიარქოს მოუწოდა, აღკვეთოს ექიმების მიმართ დაწყებული კამპანია “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” მიერ.

მმკ-მ, რომელიც გამოირჩევა ანტივაქსერული და დისკრიმინაციული განცხადებებით, 17 აგვისტოს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სასულიერო პირმა, დავით ისაკაძემ ბიძინა კულუმბეგოვი ნაცისტ ექიმს შეადარა.