პატრიარქს კორონავირუსი დამართეს, საპატრიარქო მალავს ამ ფაქტს – ბასილ კობახიძე

თეოლოგი ბასილ კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს კორონავირუსი “დამართეს”.

“ჩემი ინფორმაციით, პატრიარქს კორონა დამართეს. დიახ, დამართეს და ამაზე პირადად არის პასუხისმგებელი მოსაყდრე შიო. გაგანია პანდემიის დროს, ჯერ 7 იანვარს, შობის წირვაზე გამოიყვანა 80 წელს გადაცილებული პატრიარქი, შემდეგ 19 იანვარს ნათლისღებაზე, წირვის შემდეგ კი წყალკურთხევაც მას ჩაატარებინა. არც დისტანციას იცავდა ვინმე და უმრავლესობა პირბადესაც არ ატარებდა, მაგალითად, საპატრიარქოს პროტოკოლის უფროსი, ცნობილი კაგებეშნიკი დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი. დღეს კი დგანან ეს მეუფეები და ფარისევლურად პატრიარქის საჯანმრთელო წირვებს აღავლენენ”,– წერს კობახიძე Facebook–ზე.

მისივე თქმით, საპატრიარქო პატრიარქის ინფიცირებას მალავს.

“ჯერ კიდევ ათი თვის წინ ვყვიროდით მე და ჩემი მეგობრები, რომ მსოფლიო პანდემიის დროს რისკის ჯგუფის წინა ხაზზე მდგომ ასაკოვან ადამიანს გაფრთხილება სჭირდება. როდესაც მას ეს საფრთხე თვითონ არ ესმის, მაშინ მოსაყდრის პირდაპირი მოვალეობა იყო შესაბამისი. ტვინნაღრძობი საპატრიარქო ახლა მალავს ამ ფაქტს, რადგან მათი დოგმების მიხედვით თუ ილია მეორეს კორონა მიეკარა, ეს დიდი სირცხვილია და მაშინ ღმერთი არ არსებობს. უნამუსო მოსაყდრე შიო მუჯირს კი ეტყობა ძალიან ეჩქარება საპატრიარქო ტახტზე აბობღება, რადგან არანაირი ზომები არ მიიღო მოხუცი პატრიარქის ჯანმრთელობის გასაფრთხილებლად, რაც, გავიმეორებ, მისი პირადი პასუხისმგებლობაა”,– წერს კობახიძე.