პელე პუტინისგან უკრაინაში აგრესიის შეწყვეტას მოითხოვს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, პელე ვლადიმერ პუტინისგან უკრაინაში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას მოითხოვს. მიმართვა რუსეთის ლიდერისადმი პელემ სოციალურ ქსელში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მიერ შოტლანდიის დამარცხების შემდეგ გამოაქვეყნა.

“დღეს უკრაინა ცდილობს, თუნდაც 90 წუთით დაივიწყოს ის ტრაგედია, რომელშიც ჩაფლულია ეს ქვეყანა. შეაჩერეთ აგრესია. ამ ძალადობას არავითარი გამართლება არ აქვს. ეს კონფლიქტი საშინელებაა, გაუმართლებელია და არაფერი მოაქვს ტკივილის, შიშის და სიძულვილის გარდა. მისი შეწყვეტის შესაძლებლობა თქვენს ხელშია, იმ ხელში, რომელიც ჩამოგართვით მოსკოვში 2017 წელს ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს.“– წერს პელე.