პესკოვი ამტკიცებს, რომ პუტინმა უკრაინაში ჯარების წინსვლის შეჩერების ბრძანება გუშინ გასცა

რუსეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ჟურნალისტებთან საუბრისას ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კიევთან მოლაპარაკებების მოლოდინში უკრაიაში რუსული ჯარების წინსვლის ბრძანება გუშინ გასცა, თუმცა დღეს დილით მეორე მხარის მიერ დიალოგზე უარის თქმის გამო მოძრაობა განახლდა.

ის ამბობს, რომ ვინაიდან უკრაინულმა მხარემ არსებითად უარი თქვა მოლაპარაკებებზე, დღეს რუსეთის ძირითადი ძალების წინსვლა განახლდა “ოპერაციის გეგმის მიხედვით“.

პესკოვმა დააზუსტა, რომ არმიის ძირითადი ძალების შეჩერების პერიოდში საბრძოლო მოქმედებები ზოგიერთ ადგილზე მაინც გრძელდებოდა.

“ადგილი ჰქონდა შეტაკებებს ნაციონალისტების მოძრავ ჯგუფებთან და “ბანდეროვცებთან“, რომლებიც მსუბუქ ავტომობილებს და სატვირთოებს იყენებდნენ, სადაც შეტევის იარაღი ქონდათ დამონტაჟებული.“

პუტინმა 24 თებერვალს გამოაცხადა უკრაინაში “სეციალური სამხედრო ოპერაციის“ ჩატარების შესახებ დონბასის თვითგამოცხადებული ლიდერების თხოვნის საფუძველზე. რუსეთის პრეზიდენტი ამბობდა, რომ მის მიზანს უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია არ წარმოადგენდა და მიზანი უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.“ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსეთი ქალაქებზე დარტყმებს არ ახორციელებს და მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას ბომბავს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ვერცერთ სამხედრო წარმატებას ვერ მიაღწია, სავარაუდოდ სწორედ ამით აიხსნება პესკოვის განცხადება, თითქოს პუტინმა ჯარის შეჩერების გადაწყვეტილება თვითონ მიიღო.

უკრაინა ადასტურებს, რომ უარი თქვა რუსეთთან მოლაპარაკებებზე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით კიევმა უარი თქვა რუსეთთან მოლაპარაკებებზე იმის გამო, რომ უკრაინა მზად არ არის რუსული მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

“ახლახანს ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ უარი თქვა მოლაპარაკებებზე. იმიტომ რომ პირობები, რომლებსაც შუამავლების საშუალებით რუსული მხარე გვთავაზობდა, ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. ეს იყო მცდელობა, ვეიძულებინეთ კაპიტულაცია გამოგვეცხადებინა. ჩვენ მათ შევთავაზეთ სიგნალი, რომ შესაძლებელი იყო სამშვიდობო შეთანხმება არა მოსკოვის, არამედ კიევის პირობებზე“– თქვა ალექსეი არესტოვიჩმა.