პესკოვი: პუტინს ზელენსკისთვის არანაირი შეტყობინება არ გადაუცია

პუტინს ზელენსკისთვის არანაირი სპეციალური შეტყობინება გვინეა–ბისაუს პრეზიდენტის საშუალებით არ გადაუცია – აცხადებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პუტინის მზადყოფნა მოლაპარაკებებისთვის უკრაინის პრეზიდენტს კიევში ჩასულმა გვიანეა–ბისაუს პრეზიდენტმა, უმარუ სისოკუ ემბალომ გადასცა.

მანამდე ის მოსკოვში იმყოფებოდა და პუტინს შეხვდა. პესკოვის თქმით, უმარუ სისოკუ ემბალოსთან შეხვედრაზე პუტინმა დაადასტურა რუსეთის მზადყოფნა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა არანაირი სპეციალური გზავნილი კიევისთვის გადასაცემად არ დაუბარებია.

“ახლა რუსეთი დე ფაქტო არ ცვლის თავის პოზიციას. ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ ჩვენი ინტერესები მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ ეს გვინდა. მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ეხება უკრაინის მხრიდან სურვილის არქონას. აი, რაზე იყო საუბარი“–უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

“ჩვენმა კოლეგამ აფრიკული სახელმწიფოდან გამოთქვა სურვილი და თქვა, რომ მას ექნება კონტაქტი და რომ ის პუტინის ამ პოზიციას უკრაინულ მხარემდე მიიტანს. რაიმე სპეციფიური გზავნილი ამ შემთხვევაში არ ყოფილა და ამაზე საუბარი არ არის“–თქვა პესკოვმა.

მანამდე რუსეთის ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს მზადყოფნის შესახებ დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, თუმცა მხოლოდ რუსეთის პიროებით.

კიევი აცხადებდა, რომ ასეთი მოლაპარაკებები მშვიდობას ვერ მოიტანს და დროებითი ზავი მხოლოდ რუსეთს აწყობს და მას დროს მისცემს ახალი შეტევისთვის მოემზადოს.

უკრაინული ხელისუფლების თქმით, მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის სრულად დაბრუნება შეიძლება იყოს გრძელვადიანი მშვიდობის გარანტია.

გუშინ ზელენსკიმ თქვა, რომ პუტინმა მას  გვინეა–ბისაუს პრეზიდენტის პირით გადასცა, რომ მოლაპარაკება და “ურთიერთობების განბლოკვა“ უნდა