პირბადის გარეშე ყოფნა და უსაფრთხოების წესების დარღვევა დასჯადი ხდება.პარლამენტი კანონის ცვლილებაზე მუშაობს

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე ყოფნა და უსაფრთხოების წესების დარღვევა კანონით დასჯადი გახდება. საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობას პარლამენტი იწყებს. ინიციატივის მიზნად მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების უკეთ ადმინისტრირება სახელდება. ჯერჯერობით უცნობია ჯარიმების ოდენობა და სხვა სახის ადმინისტრაციული სანქციები. მმართველი პარტია ცვლილებებს იმით ხსნის, რომ  საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ინფიცირების რისკი კვლავ მაღალია.

საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიული და ჯანდაცვის კომიტეტებს უკვე დაავალა. არჩილ თალაკვაძის ინიციატივას საპარლამენტო ოპოზიციაში კრიტიკა მოჰყვა. ხელისუფლების ოპონენტები საკანონმდებლო ცვლილებებში საფრთხეს ხედავენ. აქცენტს ჯარიმებზე აკეთებენ და ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს ამოქმედებულ ფულადი სანქციები შერჩევითად და არაპროპორციულად გამოიყენებოდა. გარდა ამისა, ოპოზიცია იმასაც ამბობს, რომ მოსახლეობის ნაწილისთვის ფინანსურად პირბადეების შეძენა რთულია.

საკანონმდებლო ცვლილებები დეპუტატებმა დაჩქარებული წესით უნდა მოამზადონ. როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ 2 ამოცანის წინაშე დადგნენ – ერთი ვირუსის გავრცელების შესაკავებლად უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალურად დაცვას, მეორე კი – მოქალაქეების ინტერესებს ეხება. “ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ სანქციების ოდენობა გონივრული უნდა იყოს და მან დამატებითი სოციალური პრობლემები არ უნდა შექმნას.

საკანონმდებლო ცვლილებები, სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის იქნება მზად.