პირველად მსოფლიოში მამაკაცს გენმოდიფიცირებული ღორის გული წარმატებით გადაუნერგეს

ამერიკელმა ქირურგებმა მსოფლიოში პირველი ექსპერიმენტული ოპერაცია ჩაატარეს, რომლის დროსაც პაციენტს ღორის გენმოდიფიცირებული გული გადაუნერგეს. ექიმები ამბობენ, რომ ეს ერთადერთი შანსია დევიდ ბენეტმა სიცოცხლე შეინარჩუნოს. გადანერგვის გარეშე მას გარდაუვალი სიკვდილი ელოდა.

ქირურგების თქმით ოპერაცია, რომელიც შვიდ საათს გრძელდებოდა ბენეტს სამი დღის წინ გაუკეთეს. ამჟამად მისი მდგომარეობა ნორმალურია.

“ჩემთვის არჩევანი იყო სიკვდილსა და ამ გადანერვას შორის. მესმის, რომ მომავალში ჩემი ბედი სრულიად გაურკვეველია, თუმცა ჩემთვის ეს უკანასკნელი შანსია“ – თქვა 57 წლის ბენეტმა ოპერაციის წინ.

მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის სპეციალისტებმა ხელისუფლებისგან ოპერაციის სპეციალური ნებართვა მიიღეს მას შემდეგ, რაც დაასაბუთეს, რომ მის გარეშე პაციენტი მოკვდებოდა. დასრულდება თუ არა გადანერგვა საბოლოოდ წარმატებით, ჯერჯერობით უცნობია.

ექიმებმა ჩათვალეს, რომ დევიდ ბენეტისთვის ადამიანის გულის გადანერგვა შეუძლებელი იქნებოდა. ეს გადაწყვეტილება მაშინ მიიღება, როცა პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.

ქირურგებისთვის ოპერაცია მრავალწლიანი კვლევების შედეგია. მათ იმედი აქვთ, რომ ამ ოპერაციის წარმატება მთელ მსოფლიოში ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას გამოიწვევს. თავის განცხადებაში მერილენდის უნივერსიტეტი ქირურგ ბარტლი გრიფიტს ციტირებს, რომლის თქმით ოპერაცია “მოაახლოვებს დონორთა ორგანოების უკმარისობასთან დაკავშირებული კრიზისის გადაჭრას.“

ვებგვერდ OrganDonor.gov–ის მონაცემებით მხოლოდ აშშ–ში დონორის ორგანოების გადანერგვას დაახლოებით 100 ათასი ადამიანი ელოდება, დღეში კი ორგანოების უკმარისობის გამო 17 პაციენტი კვდება.

მეცნიერები უკვე დიდი ხანია განიხილავენ ცხოველების ორგანოების ადამიანისთვის ტრანსპლანტაციის, ანუ ქსენოტრანსპლანტაციის შესაძლებლობას. კარდიოქირურგიაში უკვე საყოველთაოდ გამოიყენება ადამიანისთვის ღორის გულის ზოგიერთი ნაწილის, კერძოდ სარქველების გადანერგვა.

2021 წლის ოქტომბერში ნიუ იორკელმა ქირურგებმა განაცხადეს, რომ ჩაატარეს წარმატებული ოპერაცია და ადამიანს ღორის თირკმელი  გადაუნერგეს. იმ მომენტისთვის ეს იყო ისტორიაში ჩატარებული ამ ტიპის  ყველაზე რთული ოპერაცია. თუმცა, პაციენტის ტვინი, რომელსაც თირკმელი გადაუნერგეს იმ დროისთვის უკვე მკვდარი იყო და მისი გამოჯანმრთელების იმედი აღარ არსებობდა.

ამჯერად კი პაციენტ ბენეტს იმედი აქვს,  რომ ნორმალურ ცხოვრებას განაგრძობს. ოპერაციამდე ის ექვსი კვირის მანძილზე საწოლზე იყო მიჯაჭვული გულის დაავადების გამო. მისი სიცოცხლე სამედიცინო აპარატურის დახმარებით ნარჩუნდებოდა.

როგორ განვითარდება მოვლენები ოპერაციის შემდეგ ჯერჯერობით უცნობია. სააგენტო ფრანს პრესი იუწყება, რომ ცხოველი, რომლის გული ტრანსპლანტაციისას გამოიყენეს, გენმოდიფიცირებული იყო: მეცნიერებმა მოაშორეს ის გენი, რომელსაც შესაძლოა გადანერგილი ორგანოს შეუთავსებლობა გამოეწვია.

გოფიტის თქმით ახლა ექიმები დიდი სიფრთხილით მოქმედებენ და ყურადღებით აკვირდებიან პაციენტის მდგომარეობას.

ბენეტის შვილმა სააგენტო ასოშეითედ პრესთან ინტერვიუში თქვა, რომ ახლა მათი ოჯახი სრულ გაურკვევლობაშია. “მას ესმის, რამდენად დიდია იმის მნიშვნელობა, რაც გაკეთდა. ესმის რამხელა მიღწევაა ეს ოპერაცია“– თქვა მან მამაზე.