პირი რომელმაც მდინარეში ბოთლები ჩაყარა, დასუფთავების კამპანიაში ჩაერთო

პირი, რომელმაც მდინარეში ასობით ბოთლი ჩაყარა, ბოლნისის დაბინძურებული მდინარის დასუფთავების კამპანიაში ჩაერთო. აღნიშნულ ინფორმაციას კომპანია “ტენე” ავრცელებს.

“როგორც იცით ტენეს გუნდმა გადაწყვიტა ბოლნისში ბოთლებით დაბინძურებული მდინარის დასუფთავება.

ვიპოვეთ კაფე და გავიცანით მისი თანამშრომელი რაფიკი, რომელმაც თქვა, რომ არ იცოდა სად გადაეყარა კაფეში დაგროვილი დიდი რაოდენობით ბოთლები და ამიტომ მისი გადაყრა მდინარე ქციაში გადაწყვიტა, რითიც ახლა არ ამაყობს.

ტენე და კაფის ადმინისტრაცია შეთანხმდნენ, რომ ყოველ 10 დღეში ერთხელ დაგროვილ ბოთლებს გადასცემენ ტენეს ქარხანას გადასამუშავებლად, ხოლო ტრანსპორტირებას კი უზრუნველყოფს კომპანია ტიტანები – სამშენებლო ნარჩენების გატანა

ამის შემდეგ რაფიკი და ადგილობრივი მოსახლეობა შემოუერთდა ტენეს გუნდს და თბილისიდან ჩამოსულ მოხალისეებს მდინარის კალაპოტის დასუფთავების აქციაში.

აქციის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადავეცით ჩვენი ეკომეგობრული USB კაბელი.” – ნათქვამია კომპანია “ტენეს” განცხადებაში.

ცნობისთვის რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა სადაც აღნიშნული პირი, მდინარეში ასობით პლასტმასის ბოთლს ყრიდა.