პირობას გაძლევთ, მალე შემობრუნებას და აღორძინებას ყველა იგრძნობს – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ 2020 წელი საქართველოს განვითარების ტრაექტორიიდან ამოვარდნის წელი იყო, თუმცა, მისი თქმით, საზოგადოება შემობრუნებას და აღორძინებას მალე იგრძნობს.

“ჩვენ ახლა გვაქვს ძალიან დადებითი მოლოდინი, იმიტომ, რომ თუნდაც მარტის თვე იყო შემობრუნების თვე, რადგან პირველად დაფიქსირდა პოზიტიური დინამიკა ეკონომიკის განვითარებაში. მე ვიცი, რომ როდესაც ციფრებზე ვსაუბრობთ, ზოგჯერ ეს გაღიზიანებას იწვევს მოსახლეობაში, იმიტომ, რომ ციფრი არაფერს ეუბნება, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ სულ მალე აი, ამ შემობრუნებას, განვითარებას და აღორძინებას ყველა იგრძნობს.

შემდეგ კვირაში ქვეყნდება აპრილის ეკონომიკური ზრდის შედეგები, მე გარწმუნებთ, ეს იქნება მართლაც გასაოცარი ნახტომი და ჩვენ ახლა ნახტომები გვჭირდება და არა ევოლუციური, ნელ-ნელა განვითარება”,– თქვა თურნავამ პალიტრანიუსის ეთერში.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანამ ენერგეტიკა უნდა აშენოს, ინვესტორები კი არ უნდა დააფრთხოს, უნდა შემოიყვანოს.