პირობით მარცხზე პრეტენზიები სააკაშვილთან უნდა იყოს და არა მელიასთან – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის შეფასებით, ოპოზიციით “პირობით მარცხზე” უფრო მეტი პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილს აქვს, ვიდრე ნიკა მელიას.

მისი თქმით, სააკაშვილის მიზანი ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება იყო, ნიკა მელიას მიზანი კი ხელისუფლების დამარცხება არჩევნების მეორე ტურში.

“ნებაყოფლობით ვდგები დასახვრეტ კედელთან: თუ გვინდა გავერკვეთ ნაც. მოძრაობაში ვინ უფრო მეტად არის პასუხისმგებელი პირობით მარცხზე, სააკაშვილი, თუ მელია, ჩემს აზრს მოგახსენებთ:

სააკაშვილის საარჩევნო სტრატეგია ემყარებოდა მისი თავგანწირვით და მის გარშემო ამომრჩევლის მაქსიმალურ მობილიზებას, რამაც ნაც. მოძრაობას მაქსიმალური, მაგრამ გამარჯვებისთვის არასაკმარისი შედეგი მოუტანა.

ნიკა მელიას საარჩევნო სტრატეგია ემყარებოდა პოლიტიკურ კონსოლიდაციას ყველა პარტიისთვის თანაბარი პირობებით, პოზიტიური დღის წესრიგით, ყოველგვარი ბელადომანიის გარეშე. პირველი სტრატეგიის მიზანი იყო ნაც. მოძრაობის გამარჯვება, მეორის ხელისუფლების დამარცხება მეორე ტურებში, მათ შორის იმ ამომრჩევლის მოზიდვით, რომლისთვისაც სააკაშვილი არც ანგელოზია და არც მესია.

პროცესები განვითარდა სააკაშვილის სტრატეგიით, შესაბამისად პრეტენზიებიც მასთან უნდა იყოს და არა მელიასთან. ახლა შეგიძლიათ დამხვრიტოთ. კედელი ღიაა”,– წერს გია ხუხაშვილი Facebook-ზე.