პოზიტივი რომ გამოგეშვათ, ცუდი არ იქნებოდა – ოცნების დეპუტატი ომბუდსმენს

უმრავლესობის დეპუტატი, გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ფიქრობს, რომ სახალხო დამცველს საკუთარ ანგარიშში “პოზიტივზეც” უნდა ესაუბრა.

“მინდა, ჩემი გულისტკივილი გამოვხატო იმაზე, რომ მოხსენებაში ყურადღება მხოლოდ ნეგატივზე გაამახვილეთ. მე მქონდა მოლოდინი იმისა, რომ ყურადღებას გაამახვილებდით იმ პოზიტივსა და მიღწევებზე, რა ბოლო წლებში განხორციელდა. მე მესმის, რომ თქვენი დოკუმენტი საკმაოდ მოცულობითია. ბევრ ადამიანს წვდომა არ ექნება და თქვენს გამოსვლას დაეფუძნება მათი შეფასება.

უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ამ მოხსენებაში რომ ყოფილიყო პოზიტივიც იმ უთხით, რა კუთხითაც განხორციელდა დადებითი ნაბიჯები, უფრო მეტად მოტივატორი იქნებოდა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვისაც და საკანონმდებლო ხელისუფლებისთვისაც მომავალში დადებითი ნაბიჯების გადასადგმელად”,– თქვა ჩაჩიბაიამ.

მისი თქმით, ნინო ლომჯარიას “პოზიტივი რომ გამოეშვა, ცუდი არ იქნებოდა”.

“ისაუბრეთ სავალდებულო სამხედრო სამსახურზე. თქვენს ანგარიშში დადებითად არის შეფასებული თავდაცვის სამინისტრო და დიდი მადლობა. თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული რეფორმები ეფუძნებოდა თქვენს რეკომენდაციებს და კარგი იქნებოდა, ესეც გეხსენებინათ, იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროში ნამდვილად განხორციელდა მთელი რიგი რეფორმები როგორც ანაზღაურების, ისე სამსახურის გაუმჯობესების კუთხით. მინდოდა მეთქვა, რომ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესები არის დადებითად შეფასებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ამასთან დაკავშირებით პოზიტივი რომ გამოგეშვათ, ცუდი არ იქნებოდა”,– მიმართა მან ომბუდსმენს.