„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაწილი აცხადებს, რომ დღევანდელ ყრილობაზე განსხვავებული პოზიციის გამო არ მიიწვიეს

“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ნაწილის განცხადებით, დღევანდელ ყრილობაზე განსხვავებული შეხედულებების გამო არ მიიწვიეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრის დიმიტრი ბიძინაშვილის განცხადებით, ცდილობენ, პარტიაში განსხვავებული აზრი მოსპონ.

„იმის მაგივრად, რომ ამ ადამიანებმა ის შეასრულონ, რასაც სატელევიზიო ეთერებიდან მოგვიწოდებენ, გაერთიანებისკენ, ერთად მოქმედებისკენ და ბრძოლისკენ, ყოველდღე ვხედავთ, რომ პარტიას ხლეჩენ, ყოფენ ადამიანებს, დევნიან. ცდილობენ, რომ პარტიაში განსხვავებული აზრი მოსპონ. ცდილობენ, რომ პარტიულ ჩარჩოებში ჩაკეტონ. საკუთარი პარტიული სტრუქტურა შექმნან, რომელიც ვიწროპარტიულ ინტერესებს მოემსახურება და არა საერთოს“, – განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.

ახალგაზრდული ორგანიზაციის კიდევ ერთი წევრის ანა კოპაძის განმარტებით, ახალ მენეჯმენტს არ სურს, რომ ახალგაზრდებს დაეკონტაქტოს და მათი აზრები გაითვალისწინოს.

„მოსვლის პირველივე დღიდან, ახალი მენეჯმენტი უარს აცხადებს და სურვილსაც არ გამოთქვამს,რომ დაეკონტაქტოს ახალგაზრდებს, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პოლიტიკურ ამინდს ქმნიდნენ. მოსვლის პირველივე დღიდან, ოთახი, რომელშიც ახალგაზრდების ოფისი იყო, ახალი თავმჯდომარის პირადი დაცვის ოთახად გადაკეთდა. ეს არის სრულიად მიუღებელი, რადგან აშკარა ხდება ის, რომ არ აინტერესებს ამ ადამიანს ახალგაზრდების აზრი, არ აინტერესებს რას ფიქრობს ახალი თაობა“,- განაცხადა კოპაძემ.

ბრალდებებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში  აცხადებენ, რომ „ტყუილია“.

„ტყუილია, რომ ვინმე გათვალისწინებული არ იყო. ტყუილია, რომ ვინმე „მოვტეხეთ“, ეს ასე არ არის“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, ტიტე გედენიძემ.

“ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა დღეს გაიმართა, სადაც წესდება დამტკიცდა.

გარდამავალი პერიოდით დაკომპლექტდა ბორდიც, რომლის მიზანი ღია ელექტრონული სისტემით თავმჯდომარის არჩევნების ჩატარებაა. ადგილზე შეკრებილებს სიტყვით ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მიმართა.

ხაბეიშვილმა ახალგაზრდებს მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს მომავალს ქმნიან.

“თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ვხედავ მომავალში არამხოლოდ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არამედ პოლიტიკაში. თქვენ უნდა იყოთ აქტიურები, აქტიურად ჩაერთოთ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. კონკრეტულ თანამდებობებზე უნდა იყოთ თქვენ. ასეთივე ახალგაზრდა ვიყავი თავის დროზე, როცა სხვადასხვა შეკრებაზე დავდიოდი და არასდროს მიფიქრია, რომ შესაძლოა ერთ დღეს წარმოვადგინო ყველაზე მაგარი ევროპული პარტია საქართველოში. ეს არის ნაციონალური მოძრაობა და მე მინდა მოგცეთ პირობა თითოეულ თქვენგანს, რომ გავაკეთებ ყველაფერს, რომ პოლიტიკაში იყოს რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა, მეტი თქვენნაირი ლაღი გინების, ჭკვიანი, ხალისიანი, პატრიოტი და მებრძოლი ახალგაზრდები…“–თქვა ხაბეიშვილმა.