პოლიტიკურ პლატფორმას დაარქმევს, ჯიხურს თუ ეზოს, ის არის პოლიტიკაში – ჯანეზაშვილი დოლიძეზე

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ანა დოლიძე ან უნდა გადაბარგდეს პოლიტიკაში, ან უნდა დარჩეს იუსტიციის საბჭოს წევრად.

“მას სრული უფლება აქვს გადაბარგდეს პოლიტიკაში, მაგრამ გადაბარგდეს, არა ის რომ დარჩეს აქაც და იქაც. ეს არის მიუღებელი. ეს ხელს უშლის სასამართლოს დამოუკიდებლობას. მითუმეტეს მაშინ, როცა სხვა პოლიტიკოსებთან არის ალიანსში და მათ შეიძლება საერთო პოლიტიკური ინტერესები გამოიყენონ იმისთვის, რომ საბჭოს წევრად დარჩეს ანა და პოლიტიკური დივიდენდები მოიპოვონ. მე თუ ვიცავ სასამართლოს დამოუკიდებლობას, ვიცავ ყველასგან”,- ამბობს ჯანეზაშვილი ტვ პირველის ეთერში.

მისივე თქმით, ანა დოლიძე აგრძელებს თვალებში ნაცრის შეყრის პოლიტიკას და ამბობს, რომ დღეს შეიქმნა არა პოლიტიკური პარტია, არამედ პლატფორმა.

“უკაცრავად, მაგრამ პოლიტკურ პლატფორმას დავარქმევთ, პოლიტიკურ ჯიხურს თუ პოლიტიკურ ეზოს, რა მნიშვნელობა აქვს, არიან პოლიტიკაში, პოლიტიკოსობენ, აქვთ პოლიტიკური გეგმები, დადიან მოლაპარაკებებზე, საუბრობენ არჩევნებზე და რატომ გვატყუებენ, თითქოს არ არიან პოლიტიკოსები”,- ამბობს ჯანეზაშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ანა დოლიძეს აქვს ორგანიზაციული ინსფრასტრუქტურა, ოფისში, ჰყავს თანამშრომლები, ამიტომ უჩნდება კითხვები, საიდან აქვს მას ამის ფინანსები. მისი თქმით, ორგანიზაციას ხალხის შემოწირულობებით ვერავინ ვერ არჩენს.

ამ კრიტიკას ანა დოლიძე ბრალდებებით პასუხობს. მისი თქმით, ჯანეზაშვილი სასამართლო კლანთან ერთად მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის სათავეშია.

დოლიძე აცხადებს, რომ ჯანეზაშვილის “ჰიპერაქტიულობა” ორკესტრირებული თავდასხმის ნაწილია და იხსენებს, რომ ნაზი ჯანეზაშვილი “ქართული ოცნების” სრული მხარდაჭერით მოხვდა იუსტიციის საბჭოში.

დღეს ალეკო ელისაშვილმა, ლევან იოსელიანმა, ანა დოლიძემ და პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ერთობლივი პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს.