პოლიციამ ბათუმის საკათედრო ტაძრის გაძარცვის ბრალდებით მამაკაცი დააკავა. ამოღებულია მოპარული ნივთები

შსს–ს ინფორმაციით  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული თ.ღ., მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავეს. მას ბრალი სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობაში ედება.

შსს–ს ინფორმაციით„ ბრალდებული მიმდინარე წლის 2 ივნისს, ბათუმში მდებარე საკათედრო ტაძარში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30 ლარამდე თანხას და საეკლესიო ნივთებს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ თ.ღ.-მ მიმდინარე წლის მარტში, ბათუმში, ერთ-ერთ მოქალაქეს საფულე და მობილური ტელეფონი მოჰპარა, ხოლო მაისში – სავაჭრო ჯიხური გაქურდა და გასაყიდ სუვენირებს უკანონოდ დაეუფლა.

პოლიციამ ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.“– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით არაერთგზის ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.