პრეზიდენტი ვეტოთი „ქართულ ოცნებას“ ცივ შხაპს გადაასხამდა, რომ გამოფხიზლებულიყვნენ – ბესელია

“პრეზიდენტი ვეტოთი „ქართულ ოცნებას“ ცივ შხაპს გადაასხამდა, რომ გამოფხიზლებულიყვნენ”- ასე აფასებს, პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონისა და „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებზე ხელის მოწერას. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

“გადაწყვეტილების და მექანიზმის, რაც მხოლოდ პრეზიდენტს აქვს გამოყენება იქნებოდა მნიშვნელოვანი. ახლა ვხედავთ სურათს, როდესაც ხიბლში ჩავარდნილი მმართველი პარტია და ეს ძალიან სახიფათო ხიბლია, მას რეალურად აღარავინ ჰყავს წინააღმდეგობის გამწევი და ყველაფრის უფლება აძლევს თავს. ერთადერთი, ვისაც სწრაფ, არადემოკრატიულ თავდაღმართში დაშვებული ხელისუფლების შეჩერება შეეძლო, პრეზიდენტის ვეტოა. მას ექნებოდა რამდენიმე გამაჯანსაღებელი ეფექტის ვეტოს ფუნქცია. ცივი შხაპი უნდა გადაასხა ადამიანს, რომ გამოაცოცხლო. პრეზიდენტთან ახლო კომუნიკაცია მაქვს და არ ვიცნობ, როგორც შეშინებულ ქალს და შეშინებულ პრეზიდენტს. შესაძლოა გარკვეული ბარიერი იყოს ქალბატონი სალომესთვის, მაგრამ იქ ხომ დიდი საჯარო ინტერესია, რომ მას შეეჩერებინა ეს პროცესი?! – ის ამით პირიქით, დაეხმარებოდა „ქართულ ოცნებას,“ რომ ცოტა გამოფხიზლდნენ. ძალიან სახიფათოდ მოდუნდნენ და ვერ ხედავენ რეალურ წინააღმდეგობას, ფატალურ და დამაზიანებელ შეცდომებს უშვებენ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.