პრეზიდენტმა დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “ღირსების მარშის”  საწინააღმდეგო აქციაზე დაშავებული ჟურნალისტები კლინიკაში მოინახულა. ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. მედიის დაშავებული წარმომადგენლებიდან ერთი კლინიკიდან უკვე გაეწერა, ერთს ოპერაცია უტარდება, დანარჩენის მდგომარეობა კი სტაბილურია.

,,მოვინახულე დაშავებულები, აქ ოთხი მედიაწარმომადგენელი იყო გადმოყვანილი. მათგან ერთი უკვე გაწერილია, ერთმა კი, ოპერაცია ჩაიტარა.

ამ პირობებში, ჩვენ აღარ ვიცით რა არის ჩვენი მთავარი ფასეულობები და როგორც ჩანს, დავიწყებული გვაქვს ის ტოლერანტობა, რომელიც საუკუნეების მანძილზე მოგვყვებოდა.

ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია! ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი, ეს არ არის არც ქართული ტრადიციები, არც სარწმუნოება და არც ის მომავალი, რომელიც ჩვენ ამ ქვეყნისთვის გვინდა. ჩვენ ვერ გავიგეთ, რომ დაპირისპირებით ვერაფერს მივაღწევთ. მე რომ ვსაუბრობდი პოლიტიკურ დაპირისპირება – ეს არ არის დაპირისპირების ერთადერთი ფორმა.

დღეს რაც ვნახეთ, ეს არის საზოგადოებრივი დაპირისპირება. ჩვენ ეს ახლო წარსულში უკვე გავიარეთ, აღარ გვინდა რომ მეორედ გავიაროთ და აუცილებელია, გონს მოვიდეთ და შევიგნოთ, რომ როცა ამ ქვეყნის მომავალსა და გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ეს ყველაფერი არ მოხდება, თუ არ ვისწავლით ერთი-მეორის მოსმენასა და ერთად ცხოვრებას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღეს, 5 ივლისს, თბილისში დაგეგმილი ”ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პუტინისტური, რადიკალური და ძალადობრივი  ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ. Mediachecker-ის ინფორმაციით, დაშავებულია 40-ზე მეტი  ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტორეპორტიორი.