პრეზიდენტს უნდა მოუწიოს სააკაშვილის შეწყალება – ბაქრაძე

პარლამენტის წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების 2 გზა არსებობს – ზურაბიშვილის მიერ მისი შეწყალება და ხელისუფლების ცვლილება.

მისი აზრით, ზოგადი აქციების ნაცვლად, მეტი “პრესი” უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რათა მას ყოფილი პრეზიდენტის შეწყალება მოუწიოს.

“არ მკითხოთ, ველოდები თუ არა ამას სალომე ზურაბიშვილისგან. არც უგულავას და რურუას შეწყალებას ველოდი, მაგრამ მოუწია. მესმის, რომ ის ოცნების ხელდასმულია და ვალშია, მესმის, რომ პიროვნულად არ უყვარს მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ თუ პრეზიდენტს ოდნავი პასუხისმგებლობა მაინც აქვს, მან უნდა აარიდოს ქვეყანას გახლეჩვაც და დასავლეთის პრობლემებიც, ამიტომ მას უნდა მოუწიოს შეწყალება. ეს არის პირველი სწრაფი გზა, როგორ შეიძლება მისი გამოყვანა.

მეორე არის, რა თქმა უნდა, არჩევნებში ქართული ოცნების დამარცხება და ხელისუფლების შეცვლა, რასაც ცოტა მეტი დრო სჭირდება. არც მეორე ტურების შემდეგ მყისიერად ეს შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში პოლიტიკური დასრულების გზა არის ამ ხელისუფლების სახლში გაშვება და კოალიციური მთავრობის მოსვლა”,– ამბობს ბაქრაძე მთავარი არხის ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “არასდროს” აპირებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.