პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური ნიშნით გამათავისუფლა – საქპატენტის ყოფილი თავმჯდომარე

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით, გიორგი გახარიას გამო გათავისუფლებაში ადანაშაულებს „საქპატენტის“ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მინდია დავითაძე. მისი თქმით, საქპატენტის თავმჯდომარედ, 2020 წლის თებერვალში 4 წლის ვადით პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ დაინიშნა.

„ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად მოსვლისა და მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსის დანიშვნის შემდეგ, რამდენჯერმე მქონდა კომუნიკაციის მცდელობა პრემიერთან და მისი ადმინისტრაციის უფროსთან. როგორც მთავრობის წინაშე ანგარიშვალდებულ უწყებას, პირადად მინდოდა მომეხსენებინა იმ გამოწვევების შესახებ, რაც ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს გააჩნია და ამასთან, განმეხილა მიმდინარე სამსახურებრივი საკითხები და სამომავლო, საკმაოდ ამბიციური გეგმები. ჩემს წინადადებაზე, 3 თვის განმავლობაში ვიღებდი უარს მოუცლელობის მიზეზით მაშინ, როდესაც მთავრობის ადმინისტრაციაში ინტენსიურად იმართებოდა შეხვედრები სხვა სსიპ-ების უფროსებთან“,– წერს დავითაძე.

მისი ინფორმაციით, თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანება “გზაში დააწიეს”, როდესაც გურიაში შეხვედრაზე იმყოფებოდა.

მისი მტკიცებით, „პრემიერ-მინისტრის და მთავრობის ადმინისტრაციის პირდაპირი დავალებით, თანამდებობიდან მისი გათავისუფლების საფუძვლის ხელოვნურად შესაქმნელად”, თითქოსდა, ერთ-ერთი თანამშრომლის შრომის უფლების დარღვევის მოტივით, “საქპატენტში” ინსპექტირება განახორციელა შრომის ინსპექციის სამსახურმა, რომელმაც 2021 წლის 13 მაისს, რეკორდულად მცირე ვადაში მოითხოვა დასაქმებულ პირებთან დაკავშირებული დიდი მოცულობის ინფორმაცია, ასევე, რეკორდულ დროში, 3 სამუშაო დღეში, შრომის ინსპექციამ, ისე, რომ არც დაელოდა სასამართლოში ანალოგიური საკითხის განხილვის შედეგებს, გამოსცა სამართალდარღვევის ოქმი და “საქპატენტს” დააკისრა ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება.

დავითაძის განცხადებით, შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს,

ამის შემდეგ, დავითაძის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი მას შეხვდა და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, იმ მოტივით, რომ წინა პრემიერის, გიორგი გახარიას მიერ იყო დანიშნული. საქპატენტის ყოფილი ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ განცხადების დაწერაზე უარი თქვა.

“თუმცა, როგორც ვხედავთ, ჩემს უარს ხელი არ შეუშლია პრემიერ-მინისტრისთვის უკანონოდ გავენთავისუფლებინე, რაც სრულიად შემთხვევით გავიგე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისს”,– წერს მინდია დავითაძე.