პროკურატურამ ენმ-ს წევრს, არიფ იუსუფოვს ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ ენმ-ს წევრს, არიფ იუსუფოვს ბრალი ძალადობის, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების მტკიცებით, იუსუფოვი 2 ეპიზოდშია დამნაშავე – პროკურატურის განცხადებით, 27 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე,  საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით მომხდარი კონფლიქტის გამო, იუსუფოვმა ჯერ ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში მდებარე საჩაიეში გ.ა-ზე, ხოლო შემდეგ, იმავე სოფელში მდებარე პარტია “ქართული ოცნების” შტაბის მიმდებარედ, ი.ა-ზე იძალადა.

ენმ-ის წევრი ამბობს, რომ საჩაიეში ქართული ოცნების კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმა მას აქეთ დაესხა თავს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

პროკურატურა სასამართლოს იუსუფოვისთვის 5000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

დღეს მარნეულში ძალადობის ბრალდებით ენმ–ს კიდევ 1 წევრი, ლაშა ქველაძე დააკავეს.