პროკურატურას შეუძლია, დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია – სახალხო დამცველი

“პროკურატურას შეუძლია, დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია “- ეს განცხადება, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა. მისი თქმით, ახალი გარემოების გამო სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს 70-ე მუხლი, რომელიც საქართველოს პროკურატურას აძლევს უფლებას, მელიას მიმართ დევნა დღესვე შეწყვიტოს.

მან რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია მოინახულა.

“ჩემი პოზიცია არის ის, რომ პროკურატურას შეუძლია, დღესვე გაათავისუფლოს ნიკა მელია. გირაოს შეფარდების გარეშეც არის ეს შესაძლებელი და თუ ხელშეკრულება დადებულია იმ მიზნით, რომ პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაცია მოხდეს, შეთანხმება და სამოქალაქო მშვიდობა მოხდეს. მათ ეს გადაწყვეტილება შეუძლიათ ძალიან თავისუფლად მიიღონ. ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა პროკურატურის მისამართით, რომ რაც შეიძლება დროზე იყოს მიღებული ეს გადაწყვეტილება, თუმცა ვერ გეტყვით რა გეგმები აქვს პროკურატურას ან ხელისუფლებას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცოტახნისწინ, ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, აკაკი მინაშვილმა და კობა ნაყოფიამ, პარტიის თავჯდომარის პოზიცია ჟურნალისტებთან გააჟღერეს. მათი თქმით, ნიკა მელია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების კატეგორიული წინააღმდეგია.

გარდა გირაოს გადახდისა, არსებობს სხვა მექანიზმიც რომელიც გულისხმობს ამნისტიის შესახებ კანონის დარეგისტრირებას, სწორედ ამ მექანიზმის გამოყენებას ელოდება ოპოზიცია, ”ქართული ოცნების” მხრიდან.