პროკურატურა აცხადებს, რომ შაქარაშვილის საქმის ბრალდებულთა ფარული კადრები ციხეში გამოძიების გადაღებულია

ტვ პირველის მიერ  გავრცელებულ  გლდანის ციხეშიგადაღებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს, სადაც გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულები სხვადასხვა საკანში არიან გადაღებული, და სადაც მათი საუბარი ისმის, საქართველოს პროკურატურა სპეციალური განცხადებით ეხმაურება.

“საქართველოს პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების საპატიმრო საკნების ვიდეომასალის გავრცელებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებულების საპატიმრო საკნებში განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებული ვიდეო-აუდიო მასალა, მტკიცებულების სახით ერთვის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეს. ზემოაღნიშნული მასალა, საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, განსაიდუმლოების შემდეგ სხვა მტკიცებულებებთან ერთად, ბრალდების მხარემ 2020 წლის 3 სექტემბერს გადასცა მხოლოდ დაცვის მხარეს. აღნიშნული ჩანაწერების წარმომავლობასთან დაკავშირებით ყველა სხვა სახის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სიმართლეს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ტვ პირველის ინფორმაციით მათ კადრები ანონიმურმა წყარომ მიაწოდა და ჩანაწერი მრავალსაათიანია, საიდანაც მხოლოდ ნაწილი გამოაქვეყნეს.  გავრცელებული ფარული კადრების მიხედვით, საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ. თანამესაკნეს ეუბნება, რომ თუ მას მკვლელობის ბრალდებით გაასამართლებენ, მამამისი, გიორგი შაქარაშვილის ბიძას გაუსწორდება.

შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 18 პირია დაკავებული.

შაქარაშვილის საქმეზე პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო.  ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.