პროკურატურა “ტვ პირველთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა ტვ პირველთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების თქმით, რომ 10 მარტს პროკურატურის მხრიდან ,,ტელეკომპანია პირველის“ ერთ-ერთ თანამშრომელთან შედგა სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც მას განემარტა, რომ სასამართლოს განჩინება შესასრულებლად გაეგზავნებოდათ ფოსტის საშუალებით და მათთვის მისაღები ფორმით, მათთვის მისაღებ დროს და ადგილას გამოძიებისთვის მოეწოდებინათ განჩინებით მოთხოვნილი მასალები, აღნიშნულზე მათ გამოთქვეს გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა.

“ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება”,– აცხადებს პროკურატურა.

უწყების განმარტებით, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ტელეკომპანიას და მის ჟურნალისტებს უფლება აქვთ, არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი თუ სხვა ობიექტი.

საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ,,ტელეკომპანია პირველი“ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, გადასცემს მათ ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებს, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები აღნიშნული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით, ასევე ჩატარდეს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

,,ტელეკომპანია პირველს“ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მათთვის მისაღებ დროს, პროკურატურაში წარმოადგინონ მათთვის ხელთ არსებული ფარული ჩანაწერები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა, მიუხედავად მათ მიერ გაჟღერებული პოზიციისა სასამართლოს განჩინების შინაარსთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ განმარტავთ, რომ გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ამ პროცესში, მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის მხრიდან გამოძიებასთან თანამშრომლობა”,– წერია პროკურატურის განცხადებაში.