პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებს

პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

“თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს თიბისი ბანკი-ს კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც, ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლით.

აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, თაღლითობის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით.

ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა არა პროკურატურის მიერ წარდგენილი ფულის გათეთრების მუხლით, არამედ მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ 7 წლის ვადით, თუმცა, მხულის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულების მიმართ შეფარდებული გირაო გაუქმდა, ასევე გაუქმდა დადებული ყადაღებიც.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).