პროპორციულის დაპირება “ოცნებამ“ საზოგადოებას 2016 წელს მისცა, პირობა შევასრულეთ – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” პროპორციული არჩევნების დაპირება შეასრულა და ქვეყანა 2024 წლიდან პროპორციულ არჩევნებზე გადავა.

მისივე განცხადებით, მეორე მოსმენასთან დაკავშირებით მხარდაჭერა 116–მა დეპუტატმა დააფიქსირა.

“ყველა დეპუტატს აქვს 1 ხმა პარლამენტში და 2 ღილაკი: „დიახ“, ან „არა“, შესაბამისად 100%-იანი გარანტირებული გადაწყვეტილებები პარლამენტში არის ის გადაწყვეტილებები როდესაც თითის დაჭერა დასრულებულია და შედეგი ტაბლოზეა. წინასწარ, მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ 96 დეპუტატი უმრავლესობიდან და სხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან, ჯამში 116 ადამიანს აქვს დადასტურებული მხარდაჭერა.

პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებული დაპირება „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებას მისცა 2016 წელს და ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ. კონსტიტუციაში დღეს უკვე ჩაწერილია, რომ საქართველო გადადის პროპორციულ არჩევნებზე და ეს მოხდება 2024 წელს. რაც ნოემბერში ჩავარდა, ეს იყო პროპორციული არჩევნების ვადის გადმოწევა, ეს იყო ნეგატიური ჩვენთვის, მაგრამ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს პარლამენტი”,– თქვა თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი”.