პროცესის გაჭიანურება არ ხდება, ვადა არაა განსაზღვრული – სააკაშვილის საქმის პროკურორი

სააკაშვილის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის თქმით, მესამე პრეზიდენტის გამოკითხვა არ ჭიანურდება. მისი მტკიცებით, განრიგი წინასწარ იყო შეთანხმებული დაცვის მხარესთან.

“7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი ჩანიშნული იყო ბევრად უფრო ადრე, წინმსწრებად, ვიდრე მოხდებოდა ყოფილი პრეზიდენტის დაკავება. სანამ დააკავებდნენ პრეზიდენტს, მანამდე უკვე განსაზღვრული იყო განრიგი პროცესებისა. მნიშვნელოვანი იცით რა არის? დაცვის ადვოკატებთან შეთანხმებით და მათი სურვილით მოხდა, მათ შორის, განრიგის გაწერა. დღეს რომ იძახიან, შეგნებულად გაჭიანურდაო პროცესებიო, მათ კარგად იციან, რომ მათთან შეთანხმებით, წინასწარ იყო ეს თარიღები ჩანიშნული. არავითარი პროცესის გაჭიანურება არ ხდება. დადგენილია ის კონკრეტული თარიღი, როცა უნდა ჩატარდეს ეს პროცესი და იმ თარიღში, ბუნებრივია, ჩატარდება”, – თქვა მან პალიტრანიუსის ეთერში.

პროკურორის განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესით არაა განსაზღვრული, რა ვადაში უნდა გამოიკითხოს პრეზიდენტი კონკრეტულ საქმეზე, ამიტომ ასეთ შემთხვევაში გონივრული ვადის სტანდარტით ხელმძღვანელობენ.

“ბუნებრივია, დაიგეგმება და უკვე მიდის მუშაობა, რომ კონკრეტულ საქმეზე მოხდეს პრეზიდენტის გამოკითხვა, თუმცა ეს როდის შეიძლება მოხდეს, ან მას რა პოზიცია ექნება, მიაწვდის თუ არა გამოძიებას ინფორმაციას, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ იგეგმება, მაგრამ კონკრეტულ ვადას და თარიღს ვერ გეტყვით ახლა, ბუნებრივია”, — აცხადებს პროკურორი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ამბოვენ, რომ ბრალდების მხარე სასამართლო პროცესების ჩანიშვნას აჭიანურებს, რადგან ხელისუფლებას არ სურს სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოჩენა.