პუტინი არ ეთანხმება აზოვსტალის მცველების გათავისუფლებას – მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ამბობს, რომ აზოვსტალის დამცველების გადასარჩენად ჩართულია ყველა შესაძლო საერთაშორისო ორგანიზაცია და, პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ ვლადიმერ პუტინი თანხმობას არ იძლევა.

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ბევრს აკეთებს აზოვსტალის დამცველების გასათავისუფლებლად, მაგრამ ეს სამხედრო ოპერაციაა და მისი დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია.

მალიარის განმარტებით, ხელისუფლება ესაუბრა მარიუპოლის მცველების ოჯახის წევრებს და იმედი აქვს, რომ კითხვების უმეტესობა მოიხსნა.

“წინადადებები, რომლებიც ძალიან გავრცელებულია საზოგადოებაში – “მოდით გავაკეთოთ ეს და მოდით გავაკეთოთ ის”, ფაქტობრივად, უკვე გაკეთდა, უბრალოდ, პუტინი არ გვაძლევს თანხმობას, რომ შევძლოთ აზოვსტალის მცველების გათავისუფლება”,– თქვა მინისტრის მოადგილემ.

მისივე განცხადებით, ქარხანაში სამხედრო ოპერაციისა და დებლოკირების განხორციელება შესაძლებელი რომ ყოფილიყო, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამას აუცილებლად გააკეთებდნენ.

“ახლა მსოფლიოს თითქმის ყველა ლიდერია ჩართული პუტინთან მოლაპარაკებებში. ჩვენი სახელმწიფო ყველა მათგანთან არის კონტაქტში. ყველა შესაძლო საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული პუტინთან დასაკავშირებლად.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ, გადავარჩინოთ აზოვსტალის ჩვენი დამცველები, რომლებიც დღეს რეალურად ფარავენ უკრაინის ბევრ რეგიონს, რადგან მარიუპოლის დაცვა საშუალებას გვაძლევს, იქ მოვახდინოთ დიდი რაოდენობით რუსული ჯარის კონცენტრირება, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან უკრაინის სხვა რეგიონებში”,– აღნიშნა ანა მალიარმა.