პუტინი თანახმაა საერთაშორისო ექსპერტების კომისია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ფრონტის ხაზის მხრიდან ჩავიდეს–მაკრონი

რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სამთვიანი პაუზის შემდეგ სატელეფონო საუბარი შედგა. მათ რუსული ჯარის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ილაპარაკეს. ელისეს სასახლეში ამტკიცებენ, რომ პუტნი მზად არის დათანხმდეს სადგურში მაგატეს ექსპერტების ჩასვლას უკრაინის არაოკუპირებული ტერიტორიის მხრიდან.

ბოლოს პუტინმა და მაკრონმა ოფიციალური მონაცემებით ტელეფონით 28 მაისს ისაუბრეს, მანამდე 3 მაისს, ომის პირველ კვირებში კი ისინი რეგულარულად სააუბრობდნენ ტელეფონზე და როგორც მაკრონი ამბობდა, ის პუტინს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

კრემლის პრეს სამსახურმა სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია მაშინ გაავრცელა, როცა პუტინი სოჭში ყაზახეთის პრეზიდენტს, კასიმ–ჟომარტ ტოკაევს ხვდებოდა.

მოსკოვის განცხადებაში ტრადიციულად ხაზგასმულია, რომ საუბარი ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა. საუბარია ასევე იმაზე, რომ ის ზაპოროჟიეს ელექტროსადგურის გარშემო არსებულ სიტუაციას შეეხო, რომელსაც რუსული არმია აკონტროლებს.

კრემლის ვერსიით პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ “უკრაინელი სამხედროების მხრიდან ატომური ელექტროსადგურის სისტემატური დაბომბვა მაშტაბური კატასტროფის საფრთხეს ქმნის“. უკრაინა ამტკიცებს, რომ რუსული მხარე სადგურს თვითონ ბომბავს, რომ ამაში კიევი დაადანაშაულოს.

კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე პრეზიდენტმა აღნიშნა სადგურზე მაგატეს მისიის სასწრაფოდ გაგზავნის მნიშვნელობა. პუტინმა თქვა, რომ რუსული მხარე მზად არის სააგენტოს ინსპექტორებს საჭირო თანადგომა გაუწიოს.

ფრანგული მხარის ინფორმაცია პუტინ–მაკრონის მოლაპარაკებებზე ელისეს სასახლის ვებგვერდზე გამოჩნდა. მასში ნათქვამია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება იმ რისკების გამო, რომლებსაც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული სიტუაცია ქმნის ბირთვული უსაფრთხოების თვალსაზრისით.

მაკრონმა გამოთქვა სურვილი, სასწრაფოდ გაიგზავნოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისია ზაპოროჟიეში, და ხაზი გაუსვა, რომ პირობები უკრაინასთან და გაეროსთან უნდა შეთანხმდეს. ფრანგული მხარის განცხადებით პუტინმა ამაზე თანხმობა განაცხადა.

ელისეს სასახლეში შემდგომ ბრიფინგზე დააზუსტეს, რომ პუტინი მზად არის ექსპერტთა ჯგუფის ჩასვლაზე ზაპოროჟიეში არაოკუპირებული უკრაინული ტერიტორიის მხრიდან, თუმცა კრემლის განცხადებაში საუბრის შინაარსის ასეთ ინტერპრეტაციაზე არაფერია ნათქვამი. მანამდე რუსეთი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ინსპექტორები ატომურ ელექტროსადგურზე მათ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ჩასულიყვნენ.

მაკრონოი და პუტინი ამ საკითხს უახლოეს დღეებში დაუბრუნდებიან მას შემდეგ, რაც ტექნიკურ ჯგუფებთან მოლაპარაკებებს გამართავენ – ნათქვამია ფრანგული მხარის განცხადებაში.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ხუთშაბათს უკრაინაში ვიზიტისას მოუწოდა რუსულ მხარეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარი გაიყვანოს და მის გარშემო დემილიტარიზებული ზონა მოეწყოს. მისი თქმით, გაეროს საკმარისი რესურსები აქვს, რომ უკრაინის და რუსეთის თანხმობის შემთხვევაში იქ ექსპერტთა მისია გაგზავნოს.