პუტინი პირადად ხელმძღვანელობს უკრაინაში ქვედა დონის ტაქტიკურ საბრძოლო გადაწყვეტილებებს – Times

გაზეთი Times დასავლურ სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტი პუტინი პირადად იღებს ტაქტიკურ გადაწყვეტილებებს ქვედა დონეზე, რომლებიც როგორც წესი, ოფიცრის კომპეტენციაშია, რომელიც სულ რაღაც 700 რუს ჯარისკაცს მეთაურობს.

პუტინი და გენშტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი გაზეთის წყაროს მტკიცებით პირადად კარნახობდნენ უკრაინაში საკუთარი ძალების ძირითად გადაადგილებებს.

“ჩვენი აზრით პუტინი და გერასიმოვი პირადად მონაწილეობენ ტაქტიკურ გადაწყვეტილებებში ქვედა დონეზე, რომლებსაც როგორც წესი, პოლკოვნიკები ან ბრიგადის გენერლები უნდა იღებდნენ“– ამბობს წყარო.

სამხედრო ექსპერტი დასძენს, რომ გერასიმოვი როგორც ჩანს, კვლავ მუშაობს მიუხედავად განცხადებებისა იმის შესახებ, რომ ის თითქოსდა სამხედრო წარუმატებლობების გამო თანამდებობას ჩამოაშორეს.

გამოცემა წერს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში პოლკოვნიკი ან ბრიგადის გენერალი როგორც წესი, ორ ტაქტიკურ პატალიონს ხელმძღვანელობს, რომელთაგან თითოში 900 ჯარისკაცია.

თუმცა, რუსული ტაქტიკური ბატალიონები სერიოზულად განადგურდა, და თუ პუტინი მართლაც ბრიგადის მეთაურის ფუნქციებს თავად ასრულებს, პირადად ხელმძღვანელობს ქვედანაყოფებს, რომლებიც 700–1000 ჯარისკაცისგან შედგება – წერს გაზეთი სამხედრო ექსპერტზე დაყრდნობით.

მან სიტუაციის ანალიზისას კომპანია ამაზონის მაგალითი მოიყვანა: “ჯეფ ბეზოსს არ მოაქვს თქვენთან ამანათები, ის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს იღებს.“

დასავლური წყაროები ვარაუდობენ, რომ პუტინის მიერ ასეთი უშუალო ხელმძღვანელობა და ჩართულობა გახდა დონბასში სამხედრო წარუმატებლობის მიზეზი.