“პუტინმა უკრაინასა და დასავლეთში საინფორმაციო ომი მთლიანად წააგო“–ბრიტანეთის დაზვერვის მეთაური

უკრაინაში შეჭრიდან 6 თვის თავზე აშკარაა, რომ ჩავარდა არა მხოლოდ უკრაინის ფიზიკურად დაპყრობის შესახებ რუსეთის  გეგმები, არამედ  ვირტუალური შეტევის გეგმებიც– აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი.

ჟურნალ ეკონომისტში გამოქვეყნებულ სვეტში ჯერემი ფლემინგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კიბერომს რუსეთიც აწარმოებს და უკრაინაც, და ორივე მხარე მიზნების მისაღწევად კიბერშესაძლებლობებს იყენებს.

“ორივე მხარემ იცის, რომ ისინი ბრძოლაში არიან ჩართული ბრძოლის ველის მიღმაც. თანამედროვე კიბერომი ისეთივე სასტიკი და დამანგრეველია, როგორც ფიზიკური“– წერს ფლემინგი და გვახსენებს, რომ ბრიტანული დაზვერვა დიდი ხანია ადევნებს თვალყურს რუსეთის მოქმედებებს კიბერსივრცეში და სპეცსამსახურების აზრით, კრემლმა უკრაინაში შეჭრა ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, სანამ 24 თებერვალს უკრაინული ქალაქების დაბომბვას დაიწყებდა.

“მანამდე ერთი თვით ადრე რუსულმა დაზვერვამ აამოქმედა მავნებლური პროგრამული უზრუნველყოფა   WhisperGate უკრაინული სამთავრობო სისტემების დაზიანებისა და განადგურებისთვის. უკრაინაში შეჭრამდე ერთი საათით ადრე რუსეთმა შეუტია ViaSat –ის თანამგზავრულ ქსელებს, რომელსაც უკრაინელი სამხედროები, მთავრობა და სამოქალაქო პირები იყენებდნენ“– წერს ფლემინგი.

თუმცა, კრემლის ამ ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ მსხვილმა დასავლურმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა და მთავრობებმა უფრო მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყეს ერთმანეთთან კიბერუსაფრთხოების სფეროში და უფრო მეტი ნდობა გაუჩნდათ ერთმანეთის მიმართ, ვიდრე ომამდე იყო.

“პრეზიდენტმა პუტინმა მთლიანად წააგო საინფორმაციო ომი უკრაინასა და დასავლეთთან. მართალია, ეს სასიხარულოა, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ და სათანადოდ უნდა შევაფასოთ, როგორ მუშაობენ რუსული პროპაგანდა და ჰაკერები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში“– დასძენს ბრიტანული დაზვერვის მეთაური.