ჟვანიას გადადგომას ითხოვდნენ და ელენე ნიჟარაძე გადადგა – მდინარაძე

უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას ითხოვდნენ, თუმცა სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე გადადგა.

“ჩემი საქმე არ არის ეს, უნდა წასულიყო თუ არა და არც არასდროს არ ჩავერევი კითხვაზე პასუხის დონეზეც კი, მაგრამ რა რეალობა მივიღეთ ამ ქვეყანაში? ქართულ ოცნებასა და ცესკოს აბრალებდნენ არჩევნების გაყალბებას და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა სკანდალი ის, რომ თურმე პარალელური დათვლის შედეგები გაყალბებულა და არა არჩევნები. ითხოვდნენ ჟვანიას გადადგომას, ცესკოს თავმჯდომარის და როგორც თქვენ ახლა მიყვებით, ელენე ნიჟარაძე გადადგა. ნამდვილად სასაცილო სიტუაცია იქნებოდა ეს, რომ არ შეეხებოდეს ქვეყანაში ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძელს — არჩევნებს, მის დემოკრატიულ ჩატარებას და პარალელურად არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას”, — განაცხადა მდინარაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ელენე ნიჟარაძე სამართლიანი არჩევნების დირექტორი აღარ არის. ის სავარაუდოდ სამეურვეო საბჭომ გადააყენა. ISFED ამ დრომდე არ გაუკეთებია საჯარო განცხადება, თუმცა ხვალ გაიმართება ბორდის პრესკონფერენცია, სადაც დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.