რადიკალური ოპოზიცია განულებულია – არც შემოდგომაზე, არც ზამთარში და არც ზაფხულში არავითარი რესურსი არა აქვთ, რომ პროცესებში არეულობა შემოიტანონ-კობახიძე

ოპოზიციას არც შემოდგომაზე, არც ზამთარში და არც ზაფხულში არავითარი რესურსი არა აქვს, რომ პოლიტიკურ პროცესებში არეულობა შემოიტანოს,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებულ კითხვაზე.

„საზოგადოება ხედავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით და სატელიტებით არის ჩვეულებრივი ომის პარტია და ომთან ერთად ღალატის პარტია, რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ ძალას ხალხი არ გაჰყვება. ეს არის მთავარი მიზეზი, თუ რატომაც არის რადიკალური ოპოზიცია დღეს განულებული, შესაბამისად, მათ არც შემოდგომაზე, არც ზამთარში და არც ზაფხულში არავითარი რესურსი არა აქვთ, რომ პოლიტიკურ პროცესებში არეულობა შემოიტანონ.

ისინი აქტიურად საუბრობენ რევოლუციურ სცენარებზე. ზურა ჯაფარიძე, პეტრე ცისკარიშვილი და სხვები მუდმივად საუბრობენ ამაზე. ერთადერთი, რაზეც თვალი უჭირავთ რამენაირად მოაწყონ ქვეყანაში არეულობა და ამასაც თავისი მიზანი აქვს – ქვეყანა ჩართონ ომში. რა თქმა უნდა, ამის არანაირი რესური არ არსებობს , ხელისუფლება დგას თავის ადგილზე და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა“,- განაცხადა კობახიძემ.