რად გვინდა ქართველ ერს ეგეთი სახარება, ბიძინაზე რომ არაფერი წერია? – ბასილ კობახიძე ჯაღმაიძეს

თეოლოგი ბასილ კობახიძე დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც თქვა, რომ სახარებაში არ წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა.

ბასილ კობახიძე ჯაღმაიძეს ეკითხება, რად უნდა ქართველს ერს ისეთი სახარება, რომელშიც ბიძინა ივანიშვილზე არაფერი წერია. თეოლოგი აღნიშნავს, რომ როდესაც ლაშა ნაცვლიშვილი თავის სახარებას გამოსცემს, ის ბიძინა ივანიშვილით იქნება სავსე.

“დღეს დეკანოზმა ჯაღმაიძემ თქვა სახარებაში ბიძინაზე არაფერი წერიაო. აი გაუნათლებლობის ზეიმი, ბიძინაზე არ წერიაო, იქნება არც ილიამეორეზე წერია სახარებაში პატივცემულო მამაო? იქნებ ერთხელ მაინც წაიკითხოთ სახარება! და რომც არაფერი ეწეროს ბიძინაზე სახარებაში, მაშინ რად გვინდა ქართველ ერს ეგეთი სახარება? როდის გამოსცემს ლაშაი იგი ნაცვლიშვილი თავის უკვე დაწერილ სახარებას? აი ეგ კი ნაღდი სახარება იქნება, სავსე ბიძინათი ყელამდე”,– წერს ბასილ კობახიძე.

ანდრია ჯაღმაიძე ტვ პირველს კითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირე, პასუხობს: “მე საიდან უნდა ვიცოდე?! ძალიან უტაქტო იქნება ჩემი აზრი აქ ვთქვა. ან ისე, ან ასე. რას ნიშნავს ჩემი აზრი. რაღაცა საფუძველი ხო უნდა გქონდეს. ეგ არ წერია სახარებაში, არ იმ წიგნებში, რომელსაც მე ვკითხულობ. ვხედავ ინფორმაციას, რომელიც ერთმანეთს სრულიად ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება მე ახლა ამაზე რაიმე აზრი ვთქვა”,– განაცხადა დეკანოზმა.