“რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი პროცესის გართულება” – სარჯველაძე ლომჯარიას ინიციატივაზე

“რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი პროცესის გართულება” – ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის სამინისტროსა და დევნილებს შორის მედიაციაზე ნინო ლომჯარიას შეთავზებას.

“რად უნდა ამას მედიაცია და ბევრი გართულება პროცესის?…ღმერთმა ქნას მეჩვენებოდეს, მაგრამ ბევრი ადამიანი ცდილობს ახლა ვითარების არც თუ ისე კეთილსინდისიერად გამოყენებას. აქ მთავარია შედეგზე ვიყოთ ორიენტირებული, არ არის აუცილებელი კამერებთან კეკლუცობა”,- თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

დღეს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ  განაცხადა, რომ მზადაა, დევნილებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის მედიატორის როლი შეასრულოს.  16 იანვარს თემქაზე სანატორიუმ “ქართლში” მცხოვრები დევნილების აქციაზე ერთ-ერთი მონაწილე, ახალგაზრდა კაცი შენობიდან გადმოხტა. ადგილზე მყოფი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კაცმა პროტესტის ნიშნად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.