რამდენი მებრძოლი იცავს დღეს უკრაინას? – ზელენსკის განმარტება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი,  უკრაინული ტელევიზიებისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ  ომის ამ მონაკვეთში ქვეყანას,  700 ათასი მებრძოლი იცავს.  მისი თქმით, მებრძოლების და ტექნიკის არსებული რაოდენობა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ფრონტებზეა გაშლილი.

  • “დღეს ეს რიცხვი 700 ათასი, თქვენ ხედავთ 700 ათასი მებრძოლი ადამიანის შრომის და თავდადების შედეგს. 700 ათასი, ომის ამ მონაკვეთში”,- აცხადებს  ზელენსკი. 

შედარებისთვის, რუსეთმა 24 თებერვალს სრულმასშტაბიანი შეტევისთვის უკრაინის საზღვრებთან 100 000-დან 190 000-მდე ჯარისკაცი განალაგა, ამჟამად აქტიური ქვედანაყოფების ზუსტი რაოდენობა უცნობია.

ზელენსკი ასევე აცხადებს, რომ უკრაინის ზომის ქვეყნებს გაცილებით დიდი არმია სჭირდება. გასული წლის ბოლოს უკრაინის არმია 100 ათასი მებრძოლით გაიზარდა.

პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის და დასავლეთის სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით ცხადი იყო, რომ რუსეთის ფართომასშტაბიანი შეტევა გარდაუვალი იყო და შეძლებისდაგვარად კარგად მოემზადა ქვეყანა ომისთვის, თუმცა ეფექტური საჰაერო თავდაცვის სისტემების არ ქონის გამო ქვეყანამ მძიმე დანაკარგები განიცადა, განსაკუთრებით კი ომის პირველ დღეებში.