„რამეს აპირებთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით თუ არესტოვიჩის და პოდოლიაკის ლანძღვით შემოიფარგლებით?“–არესტოვიჩი საქართველოს ხელისუფლებას

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ფეიგინ ლაივის ეთერში ცხინვალში დაგეგმილ რეფერენდუმს შეეხო, რომელზეც ე.წ. “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ რუსეთთან შეერთების საკითხი უნდა გადაწყდეს. არესტოვიჩმა საქართველოს ხელისუფლებასზეც ისაუბრა, რომელსაც მისი აზრით არ აქვს უნარი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაიცვას:

“17 ივლისს სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი გამოაცხადეს. ჩემი აზრით ეს შეიძლება იყოს პატარა რეპეტიცია უკრაინულ მიწაზე დიდი რეფერენდუმისთვის. თავიდან უნდათ მოსინჯონ, გაუვათ თუ არა ეს პატარა რეფერენდუმი. და მეორე – პატარა გამარჯვება მაინც ხომ უნდა აჩვენონ, ხოდა ეს იქნება “პატარა გამარჯვება“. ამასთან დაკავშირებით შეკითხვა მაქვს საქართველოს ხელისუფლებასთან, რიტორიკული კითხვა, რადგან ვიცი რასაც მიპასუხებენ: საერთოდ რამეს აპირებთ თქვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით თუ არესტოვიჩის და პოდოლიაკის ლანძღვით და იმის მოყოლით შემოიფარგლებით, რა ნაძირლები ვართ ჩვენ?

არ ვიცი რამდენად ზუსტად ვხვდები, მაგრამ შეიძლება ეს იყოს პატარა რეპეტიცია ხერსონის ოლქისთვის, ან ეგრეთწოდებული ლუგანსკის და დონეცკის რესპუბლიკებისთვის. ქართული რეფერენდუმი თუ გაუვათ, მერე აქაც შეეცდებიან, თუ არადა, უკან დაიხევენ.

ასე მოქმედება ძალიან უყვართ. ჯერ შესამოწმებლად  საინორმაციო ანკესს აგდებენ , პერიფერიული ფიგურები აკეთებენ კომენტარებს, შემდეგ რეალურ ანკესს, და ამოწმებენ რეაქციებს. ახლა შემოაგდეს რეერენდუმის თემა.“– ამბობს არესტოვიჩი.

წამყვანმა ზელენსკის მრჩეველს დაუსვა კითხვა: იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ ოსეთიდან სამხედრო ნაწილები მთლიანად უკრაინაშია გაყვანილი, თუ ახლა საქართველო რამე სამხედრო ქმედებას მიმართავდა, მას ექნებოდა თუ არა მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი, რაზეც არესტოვიჩმა უპასუხა:

“მე კარგად არ  ვიცი საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობის შესახებ და არ შემიძლია შეფასება, ამ ვითარებაში რა შეუძლიათ,მაგრამ მე კარგად  ვიცი საქართველოს დღევანდელი ხელისულების მდგომარეობის შესახებ. და უნარიანებს არ გვანან. შეიძლება აქვთ რამის უნარი, მაგრამ მე ასე არ მეჩვენება, იმიტომ რომ ქვეყნის  ხელისუფლება  თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს, რომ პოლემიკაში გადაეშვას ორ უშტატო მრჩეველთან – ჩემთან და პოდოლიაკთან. მათ კი ეს გააკეთეს პრემიერმინისტრის, მმართველი პარტიის ლიდერის და ა.შ. დონეზე. ეს როგორც წესი მაშინ ხდება, როცა ზუსტად მოარტყამ მტკივნეულ ადგილში.

“მათ ქართველი ხალხი კითხავს – რას შვრებით ბიჭებო ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, როცა ჩვენი მიწა მიაქვთ არა მხოლოდ დეფაქტო, არამედ უკვე დე იურეც? სხვა სახელმწიფოს უერთებენ?

ჩემი აზრით საერთაშორისო საზოგადოებას რეაქცია ექნება და ეს იქნება  კრემლის მხრიდან დასავლეთის რეაქციის შემოწმება სუვერენული ქვეყნის, საქართველოს  ტერიტორიის ანექსიაზე .ვნახოთ რა რეაქცია ექნება დასავლეთს, განსაკუთრებით მაინტერესებს საფრანგეთი და გერმანია აშშ და ბრიტანეთი.“–თქვა არესტოვიჩმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის თარიღი დანიშნა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, რუსეთთან შეერთების რეფერენდუმი 17 ივლისს გაიმართება.

ბიბილოვის განცხადებით, მალე ახდება „დიდი ოცნება”, რადგან სამხრეთი ოსეთი და რუსეთი „დაკავშირებულია ერთი ისტორიით” და მოვიდა დრო, რომ „ერთხელ და სამუდამოდ” გაერთიანდნენ.

„შესაბამისი დოკუმენტები სასამართლოს გადაეცა. ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და უახლოეს დროში, მალე ახდება ჩვენი დიდი ოცნება. რუსეთი და სამხრეთი ოსეთი დაკავშირებულია ერთი ისტორიით. ეს არ არის მხოლოდ პარტნიორობა და მეგობრობა. ეს უფრო ორი ძმის ურთიერთობაა, როდესაც უფროსი ძმა ყოველთვის გაგიგებს და მხარს დაგიჭერს, უმცროსი კი – პატივს სცემს და დაეხმარება უფროსს. მოვიდა დრო, გავერთიანდეთ ერთხელ და სამუდამოდ. ეს ნიშნავს ახალი ისტორიის დასაწყისს“, – აცხადებს ბიბილოვი.

ცნობილია, რომ ოკუპირებულ ცხინვალში 21 მაისის შემდეგ, ახალი ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის „ინაუგურაცია“ გაიმართება. ის აქამდე აცხადებდა, რომ როგორც კი დრო დადგება, „სამხრეთი ოსეთი“ მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთში გაერთიანებასთან დაკავშირებით.

„სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეული პრეზიდენტი ალან გაგლოევი არ იჩქარებს რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას, – რუსულ სააგენტო TASS-თან ინტერვიუში ამის შესახებ ილაპარაკა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიის ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა. მან, ფაქტობრივად, აღიარა, რომ ანატოლი ბიბილოვის მიერ, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, რუსეთთან შეერთების საკითხზე ინიცირებული რეფერენდუმის საკითხი გაურკვეველი ვადით გადაიდო, რადგან ბიბილოვი ამ არჩევნებში დამარცხდა.

„რაც შეეხება რეფერენდუმს, ის მათი (დე ფაქტო ხელისუფლების) ნების საკითხად რჩება. ამასთან, ვფიქრობ, რომ ანატოლი ბიბილოვისგან განსხვავებით, გაგლოევი დალოდებას არჩევს. მართალია, მან განაცხადა, რომ მზად იყო ჩაეტარებინა ასეთი რეფერენდუმი, მაგრამ აქ ეს დიდწილად მათზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ რუსეთზეა, რამდენად მზად არიან რუსეთი და ბელარუსი გააფართოონ სამოკავშირეო სახელმწიფო“, – განაცხადა კალაშნიკოვმა. მისი განცხადება ცხინვალში უკვე აღიქვეს, როგორც მთავარ გზავნილად და რეკომენდაციად, ვიდრე უბრალო მოსაზრებად.

წინასაარჩევნო შეხვედრებისას მიცემულ ინტერვიუებში, რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის კიდევ ერთხელ ჩატარების საკითხი გაგლოევმა ფრთხილად შეაფასა. მისი თქმით, სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმი უკვე ორჯერ ჩატარდა და მესამედაც ჩატარდება, თუ ამისთვის კრემლის მზაობაც იქნება.

გაგლოევს ბიბილოვის ინიციატივაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. მისი ინაუგურაცია 24 მაისს გაიმართება და ამის შემდეგ გახდება ცნობილი ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების საკითხი.